რუსული მედია: თურქეთში უარყოფენ მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ანკარა კიევს კასეტურ საბრძოლო მასალას აწვდის

თურქეთიდან უკრაინაში ამერიკული ტიპის კასეტური საბრძოლო მასალის მიწოდების შესახებ ცნობები დეზინფორმაციაა, – განუცხადა “რია ნოვოსტის” რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში წყარომ.

“ვერ ხედავთ, რომ თურქეთი ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც მშვიდობის დამყარებისთვის მუშაობს? პრეზიდენტი ერდოღანი ერთადერთი ლიდერია, რომელსაც შეუძლია ორივე ლიდერთან საუბარი, რომელსაც ენდობიან”, – თქვა სააგენტოსთან წყარომ.

მისივე თქმით, ასეთი ინფორმაცია ემსახურება მათ ინტერესებს, ვისაც სურს ძირი გამოუთხაროს ანკარას ძალისხმევას მშვიდობიანი მოგვარებისთვის.

Foreign Policy-ის ინფორმაციით, თურქეთმა, გასული წლის ბოლოს უკრაინისთვის კასეტური საარტილერიო საბრძოლო მასალის გაგზავნა დაიწყო.

გამოცემის ცნობით, მანამდე კიევი წარუმატებლად ცდილობდა ასეთი მარაგების მოპოვებას შეერთებული შტატებიდან.

გამოცემაში ნათქვამია, რომ თურქეთი უკრაინას უგზავნის ე.წ. მოწინავე ორმაგი დანიშნულების კონვენციურ საბრძოლო მასალებს (DPICM), რომლებიც ამ ქვეყანაში “ცივი ომის” დროს აშშ-სთან შეთანხმებით იწარმოებოდა. ეს ჭურვები შექმნილია ტანკების განადგურებისთვის.

კასეტური იარაღი 2010 წელს მიღებული საერთაშორისო კონვენციით არის აკრძალული, მაგრამ მას არ შეუერთდნენ უკრაინა, თურქეთი, შეერთებული შტატები და რუსეთი.

“მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა უკრაინას კასეტური საბრძოლო მასალის მიწოდებაზე უარი უთხრა, თურქეთი გახდა ერთადერთი ადგილი, სადაც მათ შეეძლოთ მათი მოპოვება“, – ციტირებს ჟურნალი ერთ-ერთ წყაროს.

ამერიკელი ჟურნალისტებისა და უფლებადამცველი ორგანიზაციების ცნობით, რუსეთის არმიამ არაერთხელ გამოიყენა კასეტური საბრძოლო მასალები უკრაინაზე თავდასხმისას, რამაც მნიშვნელოვანი მსხვერპლი გამოიწვია, მათ შორის, მშვიდობიანი მოსახლეობის შორისაც.

Foreign Policy-ს პუბლიკაციას დღეს კრემლშიც გამოეხმაურნენ.

როგორც სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა თქვა, ამ ინფორმაციის ნამდვილობაზე საუბარი რთულია, რადგან მეტი ყალბი ინფორმაცია ვრცელდება, თუმცა კრემლი ვითარებას აკვირდება.

ამასთან, მან გაიხსენა, რომ თურქეთმა უკრაინას Bayraktar-ის დრონები გადასცა და მათთვის საბრძოლო მასალები.

„ამავდროულად, ჩვენ თურქეთთან ძალიან, ძალიან პარტნიორული ურთიერთობები გვაკავშირებს, რომლებიც ეფუძნება ორმხრივ სარგებელს, ურთიერთგაგებას, ურთიერთპატივისცემას და ურთულესი პრობლემების განხილვის ორმხრივ მზაობას“, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები