ირაკლი ქადაგიშვილი: კასიანოვის განცხადება პირდაპირი მანიპულირებაა, რადგან უკრაინას ჩვენთვის იარაღი არ გადმოუცია
ანდრეი კასიანოვის განცხადება გასაოცარია – პირდაპირი მანიპულირებაა, რადგან უკრაინას იარაღი არ გადმოუცია ჩვენთვის, 2007 წელს საქართველომ ოფიციალურად შეიძინა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, რითაც უკრაინისთვის „ბუკის“ კომპლექსების გადაცემასთან დაკავშირებით საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის განცხადებას გამოეხმაურა.
მისივე თქმით, კასიანოვის განცხადება, რომ უკრაინის თხოვნა მოიცავდა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოსთვის გადაცემულ Javelin-ის სისტემებს და ამ უკანასკნელთან დაკავშირებით იყო არა მხოლოდ თანხმობა შეერთებული შტატების მხრიდან, არამედ მათი ახალი კომპლექსებით ჩანაცვლების წინადადებაც კი, გარკვეული დარტყმის ქვეშ დგება აშშ-ის ოფიციალური პოზიცია.
„რბილად რომ ვთქვათ, გასაოცარია ამ ადამიანის განცხადება. ნახეთ, როგორი დამაბნეველი ფორმულირებით აკეთებს განცხადებას: უკრაინამ 2008 წლის ომის დროს რომ გადასცა საქართველოს გარკვეული შეიარაღება, ახლა ჩვენ ვომობთ და დაგვიბრუნეთო. აშშ-მა რომ გადმოგცათ „ჯაველინები“, ისიც მოგვეცითო. სწორედ აქ არის პირდაპირი მანიპულირება, რადგან ეს იარაღი არ გადმოუცია ჩვენთვის, 2007 წელს საქართველომ ოფიციალურად შეიძინა ეს შეიარაღება და 2008 წლის ომი საერთოდ არ არსებობდა, ეს არის ფაქტობრივი მანიპულაცია.
მეორე, თითქოს აშშ ეუბნებოდა საქართველოს, რომ შენ თუ გადასცემ უკრაინას ამ „ჯაველინებს“, ამერიკა ამას ჩაგვინაცვლებდა ახალი სხვა იარაღით, აშშ ოფიციალურად აცხადებს, რომ არასდროს საქართველოსგან ისეთი ქმედება არ მოგვითხოვია, რაც რაიმე პროვოცირების მიზეზი გახდებოდა მათ შორის რუსეთთან, ხოლო კასიანოვის ამ განცხადებით პირიქით, გარკვეული დარტყმის ქვეშ დგება აშშ-ის ოფიციალური პოზიცია“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.