რატი იონათამიშვილი: გვახსოვს „ნაცმოძრაობის“ პრაქტიკა სიების შედგენაზე – გვახსენებენ, როგორი მავნებლური ბუნება და კრიმინალური მენტალიტეტი აქვთ
“გვახსოვს „ნაციონალური მოძრაობის“ მავნებლური პრაქტიკა სიების შედგენაზე – გვახსენებენ თავს, როგორი მავნებლური ბუნება და კრიმინალური მენტალიტეტი აქვთ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა „მაგნიტსკის სიის“ მსგავ სიაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, კრიმინალობის ლუსტრაციას ახდენენ.
„საუბრობენ ე.წ. პუტირკაზე, რომელიც რუსეთში, მძიმე პენიტენციურ სისტემაში, ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი კოლონიაა. იქ ამ ადამიანს არა მხოლოდ თავისუფლებას უზღუდავდნენ, არამედ დაბინძურებულ წყალსა და ვადაგასულ საჭმელს აწვდიდნენ. სააკაშვილი კი იმყოფება ლუქსნომერში, მოწინავე სამედიცინო დაწესებულებაში. ძალიან უხერხულია ამ ორ ამბავს შორის რაიმე სახის პარალელის გავლება. ვინც ამას კადრულობს, ბუმერანგივით უკან დაუბრუნდება ეს უსამართლო პარალელები. „ნაციონალური მოძრაობის“ მავნებლური პრაქტიკა გვახსოვს, სიების შედგენაზე. ასეთ სიებში ბავშვების შეყვანითაც კი გვემუქრებოდნენ. გვახსენებენ თავს, როგორი მავნებლური ბუნება და კრიმინალური მენტალიტეტი აქვთ. როცა ძალაუფლება ჰქონდათ, ასეთი სიები რეალობაში მოჰყავდათ, მაგრამ ახლა მხოლოდ საკუთარი უუნარობისა და კრიმინალობის ლუსტრაციას ახდენენ“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „მაგნიტსკის სიის“ ავტორს, ბილ ბროუდერს წერილით მიმართა, რომ „დაეხმაროს ადგილობრივ ქართულ ჯგუფებს, ლეტალური შედეგის ლოდინის გარეშე, „მაგნიტსკის“ ახალი სიის წინასწარ შედგენაში“. ბროუდერმა სააკაშვილს უპასუხა, რომ „მისმა გუნდმა მოამზადოს დოკუმენტები, თუ ვინ არის პასუხისმგებელი მოწამვლასა და წამებაზე, და ყველაფერს გააკეთებს, რათა დასავლეთის მთავრობებმა ამას ყურადღება მიაქციონ“.