შს მინისტრი აშშ-ს სარაკეტო კრეისერზე გამართულ მიღებას დაესწრო
შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და მთავრობის სხვა წევრებთან ერთად აშშ-ს სამხედრო-საზღვაო ძალების სარაკეტო კრეისერ „ველა გალფ“-ზე გამართულ მიღებას დაესწრო, რომელსაც საქართველოში ამერიკის ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა და კრეისერის კაპიტანმა რობ ქიდსმა უმასპინძლეს.
სარაკეტო კრეისერი „ველა გალფ“-ის წარმომადგენლები საქართველოს სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით ეწვივნენ. სარაკეტო კრეისერის ეკიპაჟის ხელმძღვანელები შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელებს შეხვდნენ.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებისა და აშშ-ის სარაკეტო კრეისერის ეკიპაჟის მონაწილეობით დაგეგმილია ჩაუძირაობისა და ცეცხლთან ბრძოლის ერთობლივი პრაქტიკული წვრთნების ჩატარება. ამერიკული ეკიპაჟი ასევე ჩაატარებს სააბორდაჟე ოპერაციების დემონსტრირებას.
კრეისერი საქართველოს საზღვაო სივრცეს 20 აგვისტოს დატოვებს.