„გვაქვს ინფორმაცია, რომ მთვრალი რუსი სამხედროები მშვიდობიან მოსახლეობას ესვრიან“ – სერგეი გაიდაი
რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ რეპრესიები გააძლიერეს და ლუგანსკის ოლქში ადგილობრივებს ესვრიან.
ამის შესახებ ლუგანსკის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი გაიდაიმ განაცხადა.
„ისინი ხედავენ, რომ საბრძოლო მასალის საწყობები ფეთქდება. ხედავენ, რომ მობილიზებულთა ყაზარმები ფეთქდება. ამ ყველაფრის გამო ჭკუიდან იშლებიან. იწყება საკმაოდ სასტიკი ქმედებები მათი მხრიდან. გვაქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მთვრალი სამხედროები მშვიდობიან მოსახლეობას ესვრიან. შეუძლიათ სამოქალაქო მამაკაცი დახვრიტონ, თუ მოეჩვენებათ, რომ იგი თითქოს უკრაინელ სამხედროებს ეხმარება“, – აღნიშნა გაიდაიმ.
მისი თქმით, რუსი ოკუპანტები აპატიმრებენ მათ, ვინც უარს ამბობს საომარ მოქმედებებში მონაწილეობაზე.
არსებობს ცნობები, რომ თითოეული დასახლებიდან რამდენიმე ათეული ადგილობრივი მცხოვრები უკვე გაიყვანეს.
„ჩვენ გვაქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ახალგაზრდა ბიჭებს უბრალოდ იჭერენ და, თუ ფრონტზე წასვლა არ სურთ, გაჰყავთ ლუგანსკში და იქ ციხეში სვამენ. არის ინფორმაცია, რომ 10-15 სამოქალაქოს ამა თუ იმ სოფლიდან იჭერენ და გაჰყავთ, ასეთი ფორმით აშინებენ ადგილობრივებს, რათა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს არ დაეხმარონ… ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ისინი ნერვული კოლაფსის პიკზე იმყოფებიან“, – განაცხადა სერგეი გაიდაიმ.