“საქართველოს ეკონომიკა 2022-2027 წლებში ყველაზე მზარდი იქნება მთელს ევროპაში, მაგრამ ეს კეთილდღეობის საშუალო ევროპული დონის მისაღწევად საკმარისი მაინც არ არის” – გიორგი ცუცქირიძე

“დღეს ჩვენ გვაქვს რეგიონში ზრდის ყველაზე მაღალი საშუალო ვადიანი პროგნოზი. სსფ-ის პროგნოზის თანახმადაც საქართველოს ეკონომიკა 2022-2027 წლებში არა თუ რეგიონში, არამედ მთელს ევროპაში, ყველაზე მზარდი იქნება საშუალოდ 5.6 %-ის ფარგლებში, მაგრამ ეს საკმარისი მაინც არ არის არც ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლების ზრდის და არც კეთილდღეობის საშუალო ევროპული დონის მისაღწევად”, – წერს სოციალურ ქსელში ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე.

ამასთან, მისი აზრით, ქვეყანას “ნამდვილად აქვს სწრაფი ზრდის ეკონომიკური და ადამიანური რესურსები, რაც გეომეტრიული პროგრესიით გაზრდის შემოსავლებს და შეამცირებს მიგრაციას, თუნდაც სამთავრობო პროგრამის „აწარმოე საქართველოში” და „ერთიანი აგროპროექტის” ფარგლებში ან თუნდაც საპარტნიორო ფონდის ბაზაზე, მეწარმეებისათვის ფინანსური მხარდაჭერის კიდევ უფრო გაძლიერებით”.

“მე ამ თემაზე მსჯელობისას სხვა დროსაც აღმინიშნავს თან არაერთხელ, რომ ეკონომიკური ზრდის არსი არის ეროვნული შემოსავლის პროგრესიული ზრდა გრძელვადიან პერსპექტივაში!

ეს თემა აქტუალური ხდება რადგან ბოლო 2 წლიანი ორნიშნა ზრდის შემდეგ, გრძელვადიანი და დინამიური ზრდის მისაღწევად, აუცილებელია მკაფიო წარმოდგენა იმისა, თუ რა არის ეკონომიკური ზრდა, რა არის მისი წყაროები და პირიქით, თუ რა ზღუდავს მას.

სამწუხაროდ, ზოგჯერ ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ერთმანეთში ხდება მოკლევადიან ეკონომიკურ სტაბილიზაციის და გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის არევა, თვით ექსპერტულ დონეზეც კი. ეკონომიკური ზრდის ცნება პირდაპირ ეხება გრძელვადიან ზრდას, ხოლო მოკლევადიანი ეკონომიკური ზრდა განიხილება ბიზნეს ციკლში, რადგან ყველა ეკონომიკა პერიოდულად განიცდის რეცესიას. შესაბამისად, ციკლიც შეიძლება იყოს არაერთგვაროვანი, რადგან რყევებიც განსხვავებული ხასიათის შეიძლება იყოს.

აქედან გამომდინარე, სწრაფი ეკონომიკური ზრდის პირობებში მონეტარული და ფისკალური პოლიტიკა, იქნება ეს მთავრობის ზომა, საგადასახადო ტვირთი თუ მონეტარული აგრეგატების ქცევა, თუ გადაწყვეტილებების მიღების ერთიანი სისტემა, მთლიანად მაღალი ზრდის ხელშეწყობაზე და დასაქმებაზე უნდა იყოს ორიენტირებული.

თუ ჩვენ განვიხილავთ თუნდაც ბოლო ათწლეულში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებს. იქნება ეს ევროპის, აზიის, აფრიკის თუ ამერიკის ქვეყნები, მიუხედავად ამ ქვეყნების განსხვავებული ისტორიული და კულტურული ხასიათისა, ეკონომიკური და ადამიანური პოტენციალისა. კერძოდ, 7 %-ზე მაღალი ზრდა გარდა ბუნებრივი რესურსებისა, გამოწვეული იყო განათლების სფეროში თანხების დაბანდებით, ინოვაციების მხარდაჭერით, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებით და მომსახურების სფეროსთან ერთად, სამრეწველო და აგროსექტორის პოტენციალის ზრდით;

დღეს ჩვენ გვაქვს რეგიონში ზრდის ყველაზე მაღალი საშუალო ვადიანი პროგნოზი. სსფ-ის პროგნოზის თანახმადაც საქართველოს ეკონომიკა 2022-2027 წლებში არა თუ რეგიონში, არამედ მთელს ევროპაში, ყველაზე მზარდი იქნება საშუალოდ 5.6 % -ის ფარგლებში, მაგრამ ეს საკმარისი მაინც არ არის არც ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლების ზრდის და არც კეთილდღეობის საშუალო ევროპული დონის მისაღწევად. ამ ზრდის ტემპებით მინიმუმ 7-10 წელი მაინც დაგვჭირდება საშუალო ევროპულ დონეზე რომ გავიდეთ. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვჭირდება მეტი დინამიზმი განვითარებაში და ნამდვილად არა გვაქვს დასაკარგი დრო. თვალსაჩინოებისათვის წელიწადში 10% -იანი ზრდისას უახლოეს 15 წელიწადში ვიქნებით მსოფლიოს ყველაზე შეძლებულ ოც ქვეყანას შორის, ხოლო თუნდაც წელიწადში 8.5 % -იანი ზრდის პირობებში ვიქნებით უკვე უახლოეს 5 წელიწადში აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ცხოვრების დონეზეც კი.

გარდა იმისა, რომ გვაქვს რეგიონში ყველაზე მაღალი ზრდა, გვაქვს პოტენციალი გაცილებით მაღალი ზრდის მისაღწევად. აქ ვგულისხმობ თუნდაც 7.5-8.5 %-იან ზრდის მაჩვენებელზე გასვლას, რაც ეკონომიკის სექტორალური განვითარების და დივერსიფიკაციის კუთხით, მომსახურების სერვისების, ტურისტული ინდუსტრიის და სატრანსპორტო და საპორტო არტერიების მზარდ განვითარებასთან ერთად, საწარმოო პოტენციალის და პირველ რიგში ექსპორტზე ორიენტირებული წარმოების და რაც მთავარია, კაპიტალის ბაზრის განვითარების მაქსიმალური ხელშეწყობაზე იქნება აგებული.

თუ თვალს გადავავლებთ მსოფლიო ეკონომიკურ პარადიგმებს, ნებისმიერი ქვეყნის სტაბილური განვითარების და სოციალური რყევების მინიმიზაციის წამყვანი ფაქტორი არის საშუალო ფენის შექმნა და ცხოვრების დონის მკვეთრი ამაღლება, ეს თანაბრად წონადი არგუმენტია სამხრეთ ამერიკის ქვეყნებისათვის, აზიის ქვეყნების და თავისთავად კონტინენტური ევროპისთვისაც.

ქვეყანას კი ნამდვილად აქვს სწრაფი ზრდის ეკონომიკური და ადამიანური რესურსები, რაც გეომეტრიული პროგრესიით გაზრდის შემოსავლებს და შეამცირებს მიგრაციას, თუნდაც სამთავრობო პროგრამის „აწარმოე საქართველოში” და „ერთიანი აგროპროექტის” ფარგლებში ან თუნდაც საპარტნიორო ფონდის ბაზაზე, მეწარმეებისათვის ფინანსური მხარდაჭერის კიდევ უფრო გაძლიერებით.

რაც მთავრია სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი, მაგრამ თავისი ფუნქციონალური დატვირთვით, ეკონომიკისათვის პრაქტიკულად ნულოვანი ეფექტის მქონე, მნიშვნელოვანი აქტივების, როგორც უძრავ-მოძრავი ქონების, ასევე ცალკეული სსიპ-ების და აიპებ-ის უფრო აქტიური და მიზანმიმართული ჩართვით ეკონომიკურ ბრუნვაში, რისი რეფორმაც უკვე იწყება საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხარდაჭერით, ზრდის დინამიზმის გამაძლიერებელი ფაქტორი შეიძლება გახდეს!. დღეს სახელმწიფო საწარმოთა დიდი ნაწილი ზარალიანია, მხოლოდ 13% მუშაობს მოგებაზე, რაც ერთის მხრივ არაეფექტურ მართვაზე მიუთითებს, ხოლო მეორე მხრივ, მძიმედ აწვება ბიუჯეტს და აფერხებს ეკონომოკურ ზრდას. აქ გამოსავალი შეიძლება იყოს არა მხოლოდ საწარმოთა ნაწილის პრივატიზება, მათი სააქციო საზოგადოებებად გარდაქმნის გზით, რომლის თანამესაკუთრედაც საქართველოს მოსახლეობაც იქნება, არამედ სახელმწიფო საწარმოების მართვის გაცილებით ეფექტიანი პოლიტიკის შემუშავებაც, რაც განსაზღვრავს და ჩამოაყალიბებს მართვის უნიფიცირებულ პრინციპებს, და რაც წარმატებით გამოიყენება ევროპის ქვეყნებში.

მიმაჩნია, რომ ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს გლობალურ ეკონომიკებთან ინტეგრაციით მიღებულ ეფექტსაც. ამას ადასტურებს ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელმოწერის შემდგომ თითქმის 30 %-ით გაზრდილი სავაჭრო ბრუნვის მაჩვენებელიც, მით უმეტეს კოვიდ პანდემიურეი შოკის შედეგად ე.წ ვაშინგტონის კონსესნსუსი ეკონომიკაში ჩავთვალოთ დასრულებულია. ჩინეთთან და დიდ ბრიტანეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები, უახლოეს მომავალში კი უმსხვილეს ეკონომიკასთან ამერიკის შეერთებულ შტატებთან თავისუფალ სავაჭრო რეჟიმზე გადასვლა, ანუ მსოფლიოს მეგაეკონომიკებთან ინტეგრაცია ქმნის ერთგვარი დიდი ბაზრების სინერგიის ეფექტსაც, როგორც ეკონომიკური ზრდის და დასაქმების ხელშეწყობის, ასევე უსაფრთხოების და პირველ რიგში საექსპორტო პოტენციალის ზრდის თვალსაზრისით. თავის მხრივ, ქვეყნის საერთაშორისო, მათ შორის სუვერენული საკრედიტო რეიტინგების გაუმჯობესება, საერთაშორისო ვაჭრობის სტიმულირებასთან ერთად, ქმნის კარგ წინაპირობებს საინვესტიციო პოტენციალის გასაზრდელად, არა მხოლოდ დაბალი ან საშუალო ტექნოლოგიური ინვესტიციების, არამედ მაღალტექნოლოგიური ინვესტიციების მოზიდვითაც.

ჩვენ გვაქვს კარგი შანსი, ევროკავშირთან მსხვილი ენერგოპროექტების დაწყებით, და აქ პირველ რიგში შავ ზღვაზე გამავალი ელექტრო კაბელის გეო ეკონომიკურ პერსპექტივას ვგულისხმობ, გავხდეთ არა მხოლოდ ტრანზიტულ შემოსავლებზე დამოკიდებული ქვეყანა, არამედ შევქმნათ დამატებული ღირებულება ენერგეტიკაში, რაც მშპ ზე და დასაქმებაზე ზრდის ეფექტით აისახება. ანუ აქ ვაწარმოოთ და და ექსპორტზე გავიტანოთ ენერგეტიკა მწვანე ენერგიის სახით, იქნება ეს ახალი ჰესების მშენებლობა თუ განახლებადი ენერგიის ისეთი წაყაროები, როგორიც მზის და ქარის ენერგიებია!

ეს ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტის მშენებლობასაც ეხება, სატრანზიტო დერეფნის როგორც მომსახურების დამატებული ღირებულების ფაქტორსაც, და რაც მთავარია, მთლიანად უნდა გადაეწყოს ეკონომიკური სტრატეგია საფონდო სეგმენტზე და უნდა დამთავრდეს ე.წ სექტორალური პრივილეგიების იგივე საბანკო ოლიგოპოლიის ეპოქა ქვეყანაში!

თუ ჩვენ გვსურს ეროვნული შემოსავლის პროგრესიული ზრდა გრძელვადიან პერსპექტივაში, ყველა მსხვილი საერთაშორისო პროექტის თანამონაწილედ და ინვესტორად ქვეყნის მოსახლეობა უნდა იქცეს, ეს პირველ რიგში ანაკლიის პროექტს ეხება, და კითხვა თუ საიდან მოიტანს სახელმწიფო რამდენიმე მილიარდ დოლარს, ავტომატურად იხსნება. იგი უნდა დაფინანსდეს არა ბიუჯეტიდან სახელმწიფოს თანამონაწილეობით, არამედ აქციების ან გრძელვადიანი ობლიგაციების გამოშვებით, რომლის ინვესტორადაც ქვეყნის მოსახლეობა მოგვევლინება! რაც მთვარია, საფონდო სექტორი გახდება ეკონომიკური ზრდის მამოძრავებელი ვექტორიც! საფონდო სექტორის განვითარებით არც ერთ ქვეყანას არ წაუგია, მათ შორის ჩვენნაირი მცირე ზომის ეკონომიკების შემთხვევაში, სადაც ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი მინიმუმ 3 ჯერ მაინც აღემატება ჩვენ დღევანდელ მაჩვენებელს! ეს თანაბრად ეხება ჩილესაც, ურუგვაისაც და ბალტიის ქვეყნებსაც!

ის რომ ქართული ბაზარი მცირე კაპიტალიზაციის გამო, ლიკვიდური არ არის, რის გამოც საფონდო სეგმენტი არ ვითარდება არის სრული დემაგოგია და სახელმწიფო ინტერესების ღალატი! რეალურად კი საბანკო სექტორის ლობირების შედეგი, რაც არც ეკონომიკისათვის და არც თავად საბანკო სექტორისათვის არ არის კარგი!. საფინანსო სექტორში საბანკო სექტორის მაღალი კონცენტრაციის შედეგია მარალი საპროცენტო მარჟა, გამოწვეული სწორედ გრძელვადიანი სალარე რესურსების დეფიციტით.

თუ ბანკების მოსახლეობას საინვესტიციო ბანკინგის სახით ისედაც სთავაზობენ დააბანდონ თანხები წამყვანი ამერიკული და ევროპული კომპანიების აქციებში ანუ ფაქტიურად დააფინანსონ ამ ქვეყნების ბიუჯეტები და დასაქმება, თავისუფლად არის შესაძლებელი მოსახლეობამ თავისუფალი ფულადი სახსრები ქართულ საინვესტიციო მეგა პროექტებში ჩადოს. ამით ბიუჯეტიც მოიგებს და ქვეყანაც, პოლიტიკური დესტაბილიზაციის რისკებიც მნიშვნელოვნად შემცირდება, რადგან არავინ მოინდომებს საკუთარი საინვესტიციო პორთფელი გაწიროს გასაკოტრებლად!

მხოლოდ ასეთ შემთხვევაში ჩვენ შევძლებთ, არათუ მკვეთრად გაიზარდოს ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლები, არამედ უკვე უახლოეს წლებში გადავიქცეთ რეგიონის არა მხოლოდ სატრანსპორტო ან ტურისტულ ჰაბად, არამედ სამრეწველო და საგანმანათლებლო ჰაბადაც კი.

ბედობას და დამდეგი შობის დღესასწაულს გილოცავთ! იყავით ამ ქვეყნის პატრიოტები!”,- წერს ექსპერტი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები