ახალ წელს რუსეთის სამხედრო ობიექტებზე დარტყმები გაგრძელდება და ისინი უფრო და უფრო ღრმა იქნება, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილო ბუდანოვმა განაცხადა.
ABC News-თან ინტერვიუში ბუდანოვმა არ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, განახორციელა თუ არა უკრაინამ დარტყმები რუსეთში მდებარე საჰაერო ბაზებზე.
მისი თქმით, აღნიშნულის შესახებ ის ომის დასრულების შემდეგ ისაუბრებს.
ყირიმზე დარტყმების შესახებ დასმულ შეკითხვაზე ბუდანოვმა უპასუხა:
„ყირიმი უკრაინის ტერიტორიაა, ამიტომ ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ ნებისმიერი იარაღი“.
მანამდე ბუდანოვმა განაცხადა, რომ მომავალი წელი უკრაინისთვის შეიძლება წარმატებული იყოს. ამავდროულად, მისი თქმით, 2023 წლის მეორე ნახევარში სასიხარულო ამბებს უნდა ველოდოთ.
კირილო ბუდანოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მარტში შესაძლოა, რუსეთს საარტილერიო საბრძოლო მასალის დეფიციტი ჰქონდეს, რადგან მტერმა ჭურვების გამოყენება უკვე სამჯერ შეამცირა.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთის რეზერვებში 150 რაკეტა დარჩა, ხოლო რუსეთის ფედერაციას ორ თვეში 50-მდე რაკეტის წარმოება შეუძლია.