კახა კალაძე: 2023 წლის თბილისის ბიუჯეტი უპრეცედენტო მოცულობით – მლრდ 632 მლნ ლარის ოდენობით დამტკიცდა
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მომავალი წლის თბილისის ბიუჯეტი უპრეცედენტო მოცულობის – მლრდ 632 მლნ ლარის ოდენობის იქნება. როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, გასული წლის ბიუჯეტთან შედარებით, მნიშვნელოვანი პროექტების განსახორციელებლად, 326 მლნ ლარით მეტი დაიხარჯება.
„საკრებულოს წინაშე წარვდექით, სადაც საზოგადოებას კიდევ ერთხელ ჩავაბარეთ ანგარიში, თუ რა გავაკეთეთ 2022 წელს. ასევე, ვისაუბრეთ იმაზე, რასაც 2023 წელს გავაკეთებთ. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო საკრებულოს წევრებს მხარდაჭერისთვის. მომავალი წლის ბიუჯეტი უპრეცედენტოდ მაღალი იქნება – მილიარდ 632 მილიონი ლარის ოდენობით. ამხელა ბიუჯეტი თბილისის მუნიციპალიტეტს არასდროს ჰქონია. 2017 წელს, როდესაც ჩემი მერობის პირველი ვადა დაიწყო, დედაქალაქის ბიუჯეტი 800 მლნ-ზე ცოტა მეტი იყო. 2022 წლის ბიუჯეტთან შედარებით კი, მომავალი წლის 326 მლნ ლარით მეტია. გარდა ამისა, მომდევნო წელს, მუნიციპალიტეტი საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისგან მოზიდული სახსრებით, ჯამურად, 166 მლნ ლარის ღირებულების პროექტებს განახორციელებს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
მისი თქმით, მომავალ წელს ყველაზე მეტი თანხა – 515 მლნ ლარი ინფრასტრუქტურულ პროექტებზე დაიხარჯება.
„მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული ბიუჯეტის ფარგლებში, ინფრასტრუქტურის მიმართულებით 515 მლნ ლარი გამოიყოფა, გარემოს დაცვის მიმართულებით – 200 მლნ ლარი, ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მიმართულებით – 500 მლნ ლარი, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების პროგრამისთვის“ – 39 მლნ ლარი; ავარიული სახლების ჩანაცვლებისა და გამაგრების პროგრამა კვლავ გრძელდება. ასევე, მომავალ წელს დაგეგმილი გვაქვს ახალი ავტობაზის მშენებლობა და 2023-24 წლებში 18-მეტრიანი ავტობუსების შემოყვანა“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.
ამასთან, თბილისის მერის თქმით, მომავალ წელს წერეთლის გამზირის, რამდენიმე ქუჩისა და ხიდის რეაბილიტაცია განხორციელდება. „გარდა ამისა, განხორციელდება წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია, რომლისთვისაც 25 მლნ ლარია გამოყოფილი, ასევე, დიდუბის ხიდის, უნივერსიტეტის ქუჩის, მშვიდობის ხიდის, სულხან-საბას და ინგოროყვას ქუჩების რეაბილიტაცია; რეაბილიტირდება წინამძღვრიშვილის N1-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი; სრულად განახლდება ვაზისუბანში და დიღმის მასივში არსებული პარკები, ასევე, ციციშვილის პარკი. მუხიანის პარკის, პირველი რესპუბლიკის პარკის, ე.წ. სამხედრო ქალაქის მიმდებარედ გაშენდება დიდი პარკი. განხორციელდება ნარჩენების მართვის მიმართულებით სხვადასხვა ღონისძიება, მათ შორის, მეოთხე უჯრედის მშენებლობის სამუშაოები, რომელიც რამდენიმე წელს გაგრძელდება. ასევე, „თბილსერვის ჯგუფისთვის“ შესაბამის ტექნიკას შევიძენთ.
კახეთის გზატკეცილზე განხორციელდება მიწისქვეშა გადასასვლელების რეაბილიტაცია. რასაკვირველია, ყველაფერს ვერ ჩამოვთვლი, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ყველანაირი მზაობა გვაქვს, ქალაქისთვის და აქ მცხოვრები ადამიანებისთვის მნიშვნელოვანი პროექტები განვახორციელოთ. მუშაობას 24-საათიან რეჟიმში გავაგრძელებთ“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.