ირაკლი ქადაგიშვილი: სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით უამრავი სპეკულაციის მომსწრე ვართ – ვფიქრობ, ელჩებთან შეხვედრა ადრეც რომ მომხდარიყო, კიდევ უკეთესი იქნებოდა
“ელჩებთან შეხვედრასთან დაკავშირებით, მე ვფიქრობ, რომ ეს ადრეც რომ მომხდარიყო, კიდევ უკეთესი იქნებოდა იმისთვის, რომ მათ პირველი წყაროდან ჰქონდეთ ინფორმაცია, თუ რეალურად რასთან გვაქვს საქმე”,- ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ქადაგიშვილი იუსტიციის სამინისტროს მიერ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისთვის მიხეილ სააკაშვილის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას.
ქადაგიშვილი “ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ხატია დეკანოიძის იმ განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროში ელჩები დემარშით მივიდნენ.
“როდესაც ელჩები ხვდებიან მინისტრს, ავტომატურად დემარშად რომ აცხადებს, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ისინი ყველა საკითხს სპეკულაციურად იყენებენ.
რაც შეეხება ელჩებთან შეხვედრას, მე ვფიქრობ, რომ ეს ადრეც რომ მომხდარიყო, კიდევ უკეთესი იქნებოდა იმისთვის, რომ ელჩებს პირველი წყაროდან ჰქონდეთ ინფორმაცია, თუ რეალურად რასთან გვაქვს საქმე.
სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ჩვენ უამრავი სპეკულაციის მომსწრე ვართ. ზუსტი, ოფიციალურად აღიარებული დიაგნოზი ჩვენ არავის არ გვინახავს. ყველა თავის წილ განცხადებას აკეთებს იმის მიხედვით, თუ კონკრეტულ მომენტში რა უფრო აწყობს. თვითონ მსჯავრდებული და მისი ადვოკატებიც წინააღმდეგი არიან, რომ მას უფრო ჩაღრმავებული კვლევა ჩაუტარდეს საქართველოში”,- განაცხადა ქადაგიშვილმა.