დავით სერგეენკო: პრეზიდენტზე რაღაც სახის ზეწოლა ჩემთვის კომფორტული საყურებელი არ არის

“იმის კიდევ ერთხელ დაფიქსირება, რომ პრეზიდენტზე რაღაც სახის ზეწოლა მოხდეს, ჩემთვის კომფორტული საყურებელი არ არის. ყველას თავის აზრი აქვს, მაგრამ უფრო ცივილურად მიმდინარე პროცესები მოუხდებოდა ჩვენს ქვეყანას”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა დავით სერგეენკომ “პირველ არხს” განუცხადა.

სერგეენკოს თქმით, ის ისურვებდა, რომ ქვეყანაში პოლიტიკურ ბულინგს ადგილი არ ჰქონდეს.

„რასაც თვალყურს ვადევნებ, ჩემთვის მძიმე საყურებელია. ჩემთვის ასეთი დამოკიდებულება მიუღებელია ქვეყნის პირველი პირის მიმართ, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნებში მოსახლეობის უმეტესობის ხმა მიიღო. ამის ერთადერთი მიზეზი, რაც მინდა, ვიფიქრო, არის ის, რომ რამდენიმე წლის წინ საპარლამენტო მოდელზე გადავედით, ფუნქციები გადანაწილდა და პრეზიდენტს ის ფუნქციები არ აქვს, რაც ადრე იყო. ალბათ, საჭირო არის დრო, რათა ეს ფუნქციები სწორად იყოს აღქმული. ვისურვებდი ჩემს ქვეყანაში ისეთ ვითარებას, რომ პოლიტიკური ბულინგი არ მიდიოდეს არავისზე, მათ შორის არც მაღალი თანამდებობის პირებზე. ფაქტია, რომ პრეზიდენტზე გავლენის მცდელობაა, რადგან ორი სახის აქცია თუ კონტრაქცია იყო. არ ვიცი, ამას რა დავარქვა. ადამიანებს საკუთარი აზრის გამოთქმის სურვილი აქვთ და იმ ადამიანებმა, რომლებიც ასე თვლიან, არჩევნებში შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღეს. იმის კიდევ ერთხელ დაფიქსირება, რომ პრეზიდენტზე რაღაც სახის ზეწოლა მოხდეს, ჩემთვის კომფორტული საყურებელი არ არის. ყველას თავის აზრი აქვს, მაგრამ უფრო ცივილურად მიმდინარე პროცესები მოუხდებოდა ჩვენს ქვეყანას. რაც შეეხება პრეზიდენტის განცხადებას, შეიძლება, ემოციური განცხადება იყო. არ მინდა, პრეზიდენტის განცხადებაზე ვაკეთო განცხადება. გააკეთა ის, რაც გააკეთა, მაგრამ ჩემთვის კომფორტული საყურებელი არ არის ეს ყველაფერი“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები