ოკუპირებულ აფხაზეთში ირაკლი ღარიბაშვილს ეხმაურებიან და მათი ე.წ. სუვერენიტეტის აღიარებას ითხოვენ, რათა მონაკო და მონტე კარლო გახდნენ
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ე.წ. სრულუფლებიანი ელჩი კან ტანია, საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.
27 დეკემბერს საქართველოს მთავრობის მეთაურმა თქვა, რომ ქვეყნის გაერთიანების შემთხვევაში “ჩვენ შეგვიძლია პირველ სამ წელიწადში, დაახლოებით 10 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განვახორციელოთ აფხაზეთში და სამაჩაბლოში”. მისი თქმით, აფხაზეთი შეიძლება გახდეს მეორე მონაკო, მას აქვს უზარმაზარი პოტენციალი და სოხუმი, შესაძლოა მეორე მონტე კარლო გახდეს.
როგორც კან ტანია წერს, იმისთვის, რომ აფხაზეთი და სოხუმი მონაკო და მონტე კარლო გახდეს, “საქართველოსთან მიერთება საჭირო არ არის”, საკმარისია ე.წ. რესპუბლიკის სუვერენიტეტის აღიარება, რაც მათ საშუალებას მისცემს ითანამშრომლონ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციასთან და ქვეყანასთან.
გარდა ამისა, ტანია ამბობს, რომ 1992-1993 წლებში ომის შედეგად “საქართველომ აფხაზეთს 17 მილიარდი დოლარის ოდენობის ზარალი მიაყენა”, ამიტომ, 10 მილიარდი დოლარის გადაცემა, ყოველგვარი წინაპირობის გარეშე შეიძლება მოხდეს.
“ბატონო ღარიბაშვილო, მინდა შეგახსენოთ, რომ 1992-1993 წლებში საქართველოს მიერ გაჩაღებულმა ომმა, სხვადასხვა შეფასებებით აფხაზეთს 17 მილიარდ დოლარამდე ზიანი მიაყენა. თუ ეკონომიკურ ზარალზე ვისაუბრებთ, მაშინ აფხაზეთის გაცილებით დიდი ოდენობის ვალი გმართებთ და ყოველგვარი პირობების გარეშე.
აფხაზეთის რესპუბლიკა საქართველოსთან არანაირი ფულის გამო არ გაერთიანდება, ჩვენ არ ვყიდით ჩვენს სუვერენიტეტს და არ ვვაჭრობთ თავისუფლებით. მაგრამ თქვენს განცხადებაში არის რამდენიმე საღი წინადადება, კერძოდ, მოსაზრება, რომ აფხაზეთი შეიძლება გახდეს მონაკო.
ამისათვის თქვენ არც გჭირდებათ 10 მილიარდი დოლარის დახარჯვა, არამედ უნდა მიიღოთ დადგენილება აფხაზეთის სუვერენიტეტის აღიარების შესახებ, რაც საშუალებას მოგვცემს გაეროში გავწევრიანდეთ, ვითანამშრომლოთ სხვა ქვეყნებთან და კიდევ უფრო განვავითაროთ ქვეყანა.
მეტიც, თქვენ ირწმუნებით, რომ თბილისი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართ მშვიდობიანი პოლიტიკის მომხრეა და ამ მიდგომას არ გადახედავთ.
ჟენევის დისკუსიები, რომლის მთავარი მიზანია საქართველოს მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტის ხელმოწერა, 1994 წლიდან მიმდინარეობს, მაგრამ სამშვიდობო ხელშეკრულება ჯერ არ არის ხელმოწერილი. თქვენი სიტყვები ქმედებას ეწინააღმდეგება.
აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ხალხები საქართველოს მიმართ ნდობის თანდათანობით აღდგენის გზას, მხოლოდ სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ შეძლებენ. ყველა სხვა შემთხვევაში, ქართველი პოლიტიკოსების სიტყვებს, ჩვენს საზოგადოებებში სერიოზულად არ მიიღებენ.
გთავაზობთ, აუნაზღაუროთ აფხაზეთს ომის შედეგად მიყენებული ეკონომიკური ზიანი და აღიაროთ სუვერენიტეტი, რომ უზრუნველყოთ საიმედო უსაფრთხოება სამხრეთ კავკასიის მთელი რეგიონისთვის”,- წერს კან ტანია.