სანდრო გირგვლიანის ოჯახი თაკო სალაყაიას და თათია მაისურაძის პასუხისგებაში მიცემას ითხოვს

სანდრო გირგვლიანის ბიძა, გოგი ენუქიძე მიიჩნევს, რომ მელნიკოვის აღიარებითი ჩვენება საკმარისი საფუძველია იმისთვის, რომ ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნებს, მათ შორის მიხეილ სააკაშვილს ბრალი წარედგინოთ. ოჯახი, ასევე, მოითხოვს პასუხისგებაში მიეცნენ თაკო სალაყაია და „შარდენ-ბარში“ მყოფი გირგვლიანის მეგობარი, თათია მაისურაძე. ამის შესახებ გოგი ენუქიძე გაზეთ „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში საუბრობს.
– ბატონო გოგი, რამდენად კმაყოფილი ხართ და ელოდით თუ არა მელნიკოვის აღიარებით ჩვენებას?
– მელნიკოვმა ეს ჩვენება მისცა იმიტომ, რომ გარკვეულწილად შეუმსუბუქდეს სასჯელი. ამიტომ აირჩია მან ეს გზა და ცხადია, მისასალმებელია, როდესაც ბევრ რამეს, რაშიც ჩვენ ისედაც დარწმუნებულნი ვიყავით, ამ საქმის მთავარი მონაწილის ჩვენებითვე მოეფინა ნათელი.
– რატომ ფიქრობთ, რომ უნდა დადგეს თაკო სალაყაიას პასუხისმგებლობის საკითხიც?
– ამის მტკიცებულება, უპირველეს ყოვლისა, არის სწორედ მელნიკოვის ჩვენება. მელნიკოვი პირდაპირ ამბობს, რომ მან მოისმინა თაკო სალაყაიასა და თათია მაისურაძის საუბარი. ზუსტად ამ პერიოდში მიუთითა სალაყაიამ, „დავეხმაროთ გოგონასო“. ასეთი დახმარებებით ეს ქალბატონი აქამდეც ცნობილი იყო. ალბათ, იცით, რომ სანდროს ამბავი არ იყო ერთადერთი, ისინი ასე სხვებსაც „დახმარებიან“. მაგალითად, 2005 წელს ზუსტად ოქროყანის სასაფლაოზე, ასევე, გაიტაცეს ახალგაზრდები, რომლებსაც სასტიკად გაუსწორდნენ. სანდროს ისტორია იყო ერთ-ერთი იმ ოპერაციებიდან, რომელსაც ისინი ხშირად ატარებდნენ. სალაყაიას მითითება, რომ „დავეხმაროთ გოგონას“ უკვე გასაგებს ხდიდა, როგორ უნდა დახმარებოდნენ. ოქროყანის ტერიტორია ამ მიზნით ჰქონდათ კარგად ათვისებული. მე ვფიქრობ, პროკურატურა კიდევ ერთხელ დაკითხავს სალაყაიას და, ალბათ, ბრალსაც წაუყენებენ.
– თქვენი შეფასებით, სანდრო გირგვლიანის საქმეზე საბოლოოდ აღდგა სამართლიანობა, თუ კიდევ გაქვთ კითხვები?
– მე ვიტყოდი, რომ ახლა მიმდინარეობს სამართლიანობის აღდგენის პროცესი ამ საქმეზე და, ალბათ, უახლოეს ხანში დასრულდება კიდეც.
– რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, შესაძლებელია, რომ ყოფილ პრეზიდენტს ბრალი ამ საქმეზეც დაუმძიმდეს?
– მე და ჩვენი ოჯახი უკვე წლებია, ვითხოვთ სანდროს მკვლელობის საქმეზე სააკაშვილის პასუხისმგებლობის დაყენებას, მან არა მარტო ხელი დააფარა, არამედ უშუალოდ მონაწილეობდა იმ სცენარის მოფიქრებაში, რა სცენარითაც ჩაიფარცხა ეს საქმე. ასევე, უნდა დადგეს ადეიშვილის პასუხისმგებლობის საკითხი. ისინი მანამდე მფარველობდნენ დაკავებულ პირებს, სანამ საბოლოოდ არ შეიწყალეს. დღეს ყველა მათგანი აღიარებს, რამდენად პრივილეგირებულ მდგომარეობაში იყვნენ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. ყვებიან, როგორ მიჰყავდათ მათთან ქალები, როგორ მიჰქონდათ რესტორნიდან სუფრები და ა.შ. მათთან შედიოდნენ ვანო მერაბიშვილი და შსს-ს სხვა მაღალჩინოსნები, ერთად ქეიფობდნენ და მართავდნენ ღრეობებს. ეს ყველაფერი მიხეილ სააკაშვილმა არ იცოდა, რომელმაც უშუალოდ შეიწყალა ბრალდებულები? დღეს სააკაშვილი აცხადებს, რომ ერთადერთი შავი ლაქა მაქვს – ეს არის ის, როგორ მოვექეცი ირინა ენუქიძეს. თუ აცნობიერებს ამას, ჩამოვიდეს, ჩაჯდეს ციხეში და მოიხადოს სასჯელი. მე არ მჯერა, რომ ეს ადამიანები რაიმეს ნანობენ, შეიძლება ისინი ნანობენ ადგილების დაკარგვას, სხვას არაფერს.
– თათია მაისურაძის პასუხისგებაში მიცემასაც ითხოვთ… რატომ?
– იმიტომ, რომ მას თავის დროზე არ მიუცია სწორი ჩვენებები. იმ ფაქტებზე არ უსაუბრია, რაც მელნიკოვმა ახსენა. არადა ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი. ვგულისხმობ სალაყაიასთან საუბარს. თათიას უთქვამს თაკო სალაყაიასთვის, სანდრო გირგვლიანმა შემაწუხაო. იმდენად შეწუხებული უყვებოდა ამას, რომ, როგორც ჩანს, მერაბიშვილის მეუღლეს გული აუჩუყა და მანაც გასცა ბრძანება: „დავეხმაროთ გოგონასო“. პრაქტიკულად თათია მაისურაძემ ბიძგი მისცა ამ ყველაფერს. ეს არ არის საკმარისი იმისთვის, რომ პასუხისგებაში მიეცეს?

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები