ნინო ლომჯარია: არასწორია, რომ პოლიტიკური თავდასხმების დროს უფლებადამცველებმა თანამდებობის პირები უნდა დაიცვან

უფლებადამცველების ფუნქცია არ არის ძალაუფლებაში მყოფი პირების დაცვა მოქალაქეებისგან თუ პოლიტიკური ოპონენტებისგან, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ძალიან არასწორ პრაქტიკად ყალიბდება ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან მოწოდებები, რომ პოლიტიკური თავდასხმების დროს უფლებადამცველებმა თანამდებობის პირები უნდა დაიცვან.

„ერთი განმარტება მინდა გავაკეთო როგორც ყოფილმა სახალხო დამცველმა – უფლებადამცველების ფუნქცია არ არის ძალაუფლებაში მყოფი პირების დაცვა მოქალაქეებისგან თუ პოლიტიკური ოპონენტებისგან, რაც არ უნდა მწვავე იყოს ოპონირება, ზეწოლა თუ პოლიტიკური თავდასხმა. რა თქმა უნდა, როდესაც ზეწოლა უკანონო ფორმებს იღებს ეს სხვა საკითხია, მაგრამ, ძალიან არასწორ პრაქტიკად ყალიბდება  ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან მოწოდებები, რომ პოლიტიკური თავდასხმების დროს უფლებადამცველებმა თანამდებობის პირები  უნდა დაიცვან.

უფლებების დაცვა ნიშნავს ძალაუფლების მქონე პირებისგან ძალაუფლებაში არ მყოფი პირების, ანუ სუსტების დაცვას. საქართველოს პრეზიდენტის შემთხვევაში, მას იმხელა ძალაუფლება აქვს, იმდენი კონსტიტუციური ბერკეტი (იქნება ეს იუსტიციის საბჭოში გადამწყვეტი წევრის დანიშვნა, შეწყალება, საკონსტიტუციო სამართალწარმოება, ვენეციის კომისიისადმი მიმართვა, ვეტოს უფლება და ა.შ) რომ მას თავისუფლად შეუძლია მმართველი პარტიის წევრებზე აქეთ მოახდინოს ზეწოლა.

ეს პოსტი მხოლოდ პრეზიდენტზე არაა, სახალხო დამცველობის დროს მეც ხშირად მთხოვდნენ მინისტრების, თუ მმართველი პარტიის წევრების დაცვას, რაც უფლებადამცველობის არასწორი გაგება და ამ ცნებით მანიპულაციაა. ვფიქრობ, რომ ხელი არ უნდა შევუწყოთ ამ არასწორ განმარტებას“, – წერს ნინო ლომჯარია Facebook-ზე.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ მის მიმართ ზეწოლა, ბულინგი და შანტაჟი მიმდინარეობს, ხოლო არასამთავრობო სექტორი, რომელიც ვალდებულია ბულინგის ნებისმიერი მსხვერპლი დაიცვას, არ იცის სად არის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები