მელნიკოვის ორი სიმართლე – რა ჩვენება მისცა კუდის ყოფილმა მაღალჩინოსანმა კიევის იზოლატორსა და თბილისის საქალაქო სასამართლოში?

მელნიკოვის ორი სიმართლე, – ამ სათაურით გაზეთი „პრაიმ ტაიმი“ ვრცელ სტატიას აქვეყნებს. როგორც სტატიაშია აღნიშნული, მელნიკოვი გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე უკრაინიდან ექსტრადირების შემდეგ ალაპარაკდა. სტატიის ავტორი წერს, რომ მან ამის სანაცვლოდ გარკვეული გარანტიები მიიღო. მელნიკოვმა ყოფილი მაღალჩინოსნები ამხილა, თავად კი შესაძლოა სასჯელისგან განთავისუფლდეს. „ოლეგ მელნიკოვი სანდრო გირგვლიანის საქმეზე ალაპარაკდა… გასულ კვირას მან სასამართლოს სკანდალური აღიარება მისცა და ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნებიც ამხილა.
ამის სანაცვლოდ კი მას სასჯელი შეუმსუბუქდება და დიდი ალბათობით საპატიმროსაც დატოვებს. რატომ გადაწყვიტა აღიარებითი ჩვენების მიცემა მელნიკოვმა, რომელიც გამოძიების მიერ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის ერთ-ერთ მთავარ ფიგურანტად სახელდებოდა? აქ პასუხი მარტივია და მიამიტობა იქნება, ვიფიქროთ, რომ მას წლების შემდეგ სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნილება გაუჩნდა, ან სინდისმა შეაწუხა. ცხადია, არა. როგორც ჩანს, მან აღიარებითა და ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ მიცემული ჩვენებით გარკვეული გარანტიები მიიღო. ამ გარანტიებს საქართველოს საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს და სრულებითაც არ გახლავთ უკანონო. სხვათა შორის, ეს კანონი თავის დროზე „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს ამოქმედდა და თუ ბრალდებული პირი საკუთარი ჩვენებით უფრო დიდი დანაშაულის გახსნას შეუწყობს ხელს, შესაძლებელი ხდება, ის სასჯელისგან საერთოდ განთავისუფლდეს.
მოკლედ, მელნიკოვმა თავისუფლების სანაცვლოდ ალაპარაკება გადაწყვიტა. და ეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც უკრაინაში დაკავებული კუდ-ის მაღალჩინოსანი საქართველოში ჩამოიყვანეს. თუმცა ჯერ კიდევ ერთი წლის წინათ კიევის იზოლატორში დაკითხვისას მან თითქმის ყველაფერი უარყო და განაცხადა, რომ არანაირ დანაშაულში მას წვლილი არ მიუძღვის. კიევში ის უკრაინელმა პროკურორმა საქართველოს მთავარი პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე დაკითხა“, – აღნიშნულია სტატიაში.
„პრაიმ ტაიმი“ თბილისის საქალაქო სასამართლოში მელნიკოვის აღიარებითი ჩვენებიდან ამონარიდს აქვეყნებს და იქვე იმის შესახებაც წერს, თუ როგორ უარყოფდა კუდის ყოფილი მაღალჩინოსანი გირგვლიანის მკვლელობაში მის მონაწილეობას უკრაინელ პროკურორთან.
„სასამართლოში მიცემული ჩვენებით ირკვევა, რომ ოლეგ მელნიკოვი სანდრო გირგვლიანის საქმეში თავს დამნაშავედ მიიჩნევს და აღიარებით ჩვენებას აძლევს. მელნიკოვმა განაცხადა, რომ „სანდრო გირგვლიანის მკვლელობის შემდეგ ის მანქანით გადაადგილდებოდა დათა ახალაიასთან და სხვა პირებთან ერთად. მანქანა ჯერ გენერალურ პროკურატურაში მივიდა, შემდეგ კი პრეზიდენტის რეზიდენციაში შავნაბადაზე“. მელნიკოვის თქმით, ის მანქანაში იმყოფებოდა, თუმცა აქვს ინფორმაცია, რომ დათა ახალაია გენერალურ პროკურატურაში შეხვდა ზურაბ ადეიშვილს, ხოლო რეზიდენციაში – მიხეილ სააკაშვილს. მისი განცხადებით, ამ დროს ახალაიამ, ადეიშვილმა და სააკაშვილმა დაგეგმეს, რომ სიმბოლურად უნდა დაეკავებინათ შსს-ს ოთხი თანამშრომელი, რომლებსაც მალევე გაათავისუფლებდნენ.
მელნიკოვის თქმითვე, გამოძიების ეტაპზე, მას დათა ახალაიამ წინასწარ დაწერილი ჩვენება გადასცა. მისივე განცხადებით, იმის მიუხედავად, რომ არ მუშაობდა, პლასტიკურ ბარათზე ანაზღაურება ერიცხებოდა.
მკითხველს შევახსენებ, რომ ოლეგ მელნიკოვი 2012 წლის 7 დეკემბერს უკრაინაში, ქალაქ კიევში საქართველოს ინტერპოლიდან მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე დააკავეს. 2013 წლის 21 სექტემბერს მისი საქართველოში ექსტრადირება განხორციელდა. ექსტრადიციამდე კი ის კიევის იზოლატორში უკრაინელმა პროკურორმა, გვარად კოზიურამ დაკითხა 2013 წლის 3 აპრილს. კიევის იზოლატორში დაკითხვის დროს ოლეგ მელნიკოვმა არ უარყო, რომ ნამდვილად იმყოფებოდა „შარდენ-ბარში“ ვასილ სანოძის დაბადების დღეზე, თუმცა არ დაადასტურა, რომ მან რაიმე მითითება მიიღო დათა ახალაიასგან სანდრო გირგვლიანისა და მისი მეგობრის მოცილებასთან დაკავშირებით. თბილისში ექსტრადირების შემდეგ კი მან სასამართლოს დეტალურად მოუყვა, როგორ დაავალა კუდ-ის ყოფილ უფროსს დათა ახალაიას შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის მეუღლემ თაკო სალაყაიამ სანდრო გირგვლიანის მოშორება, რადგანაც ის თითქოსდა აწუხებდა მის თანმხლებ გოგონას. მოწმის მონათხრობის მიხედვით, ეს ყველაფერი 2006 წლის 27 იანვარს, ღამით, თბილისში, შარდენის ქუჩაზე მდებარე ბარში ხდებოდა. დათა ახალაიამ, რომელმაც ტელეფონზე დარეკვა დაიწყო, ოლეგ მელნიკოვს გვერდზე მაგიდასთან მსხდომი ახალგაზრდები – სანდრო გირგვლიანი და ლევან ბუხაიძე – დაანახვა და მათი „დაკავება“ მოსთხოვა.
უკრაინაში დაკითხვისას ოლეგ მელნიკოვი არათუ დათა ახალაიასგან დავალების მიცემას უარყოფდა, არამედ აცხადებდა, რომ „შარდენ-ბარიდან“ რეალურად სიგარეტის საყიდლად იყო გასული და არა სანდრო გირგვლიანისა და ლევან ბუხაიძის მიმართ ანგარიშსწორების მიზნით. მან ასევე უარყო, რომ ბარიდან გასული კუდ-ის სხვა თანამშრომლებს შეხვდა, რომლებსაც გირგვლიანისა და ბუხაიძის გატაცებაზე მიანიშნა. მეტიც, კიევის იზოლატორში მყოფი მელნიკოვი ამტკიცებდა, რომ „შარდენ-ბარში“ მათ სუფრასთან უცხო პირი არავინ მისულა და, შესაბამისად, კონფლიქტიც არ ყოფილა.
გთავაზობთ ამონარიდს მელნიკოვის ჩვენებიდან, რომელიც მან უკრაინელ პროკურორს გასული წლის აპრილში მისცა:
„ბარიდან მე გავედი დავით ახალაიასა და თაკო სალაყაიას დავალებით სიგარეტის საყიდლად. ბარიდან გასვლისას არავის შევხვედრივარ. ჩემთან ერთად მანქანაშიც არავინ იმყოფებოდა. მე არ შევხვედრივარ გერონტი ალანიას, ასევე არ შევხვედრივარ სხვა ნაცნობ პირებს, აქედან გამომდინარე, მე ვერ მივუთითებდი მათ სანდრო გირგვლიანსა და მის მეგობარზე. იგივე მიზეზით, მე არ გადამიცია მათთვის რაიმე დავალება“, – აცხადებდა მელნიკოვი კიევის იზოლატორში დაკითხვის დროს, განსხვავებით თბილისის საქალაქო სასამართლოსი, სადაც მან სრულიად საპირისპირო ჩვენება მისცა“, – აღნიშნულია სტატიაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები