ირაკლი ქარსელაძე – ახალი პროგრამები და პროექტები კიდევ უფრო მნიშვნელოვან მუხტს მისცემს ქვეყნის განვითარებას

“2022 წელი მნიშვნელოვანი იყო საგანმანათლებლო და სკოლამდელი ინფრასტრუქტურის განვითარების თვალსაზრისითაც. დასრულდა 45 ახალი სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია და დაიწყება 60 ახალი სკოლის მშენებლობა, იმ დიდი პროგრამის პარალელურად, რომელიც განათლების სამინისტროს მიერ 800 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციას ითვალისწინებს,“- განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ 2022 წლის ანგარიშის წარდგენის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მინისტრის თქმით, იწყება ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის მნიშვნელოვანი პროგრამა, რომლის ინიციატორი პრემიერ-მინისტრია.
პროგრამის ფარგლებში, 885 ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაციაა დაგეგმილი და ამისათვის 2023 წლის ბიუჯეტში 100 მილიონი ლარი უკვე გათვალისწინებულია. 200 მილიონი ლარია გათვალისწინებულია, ასევე ახალი, ტურისტული მდებარეობების განვითარების პროგრამისათვის. ირაკლი ქარსელაძემ ისაუბრა წარმატებით მიმდინარე „განახლებული რეგიონების“ პროგრამაზეც და აღნიშნა, რომ პროგრამის ფარგლებში განხორციელებულმა ინვესტიციამ უკვე 400 მილიონ ლარს გადააჭარბა.
ენერგოეფექტური მასალების გამოყენებით უკვე განახლდა 600-მდე შენობა, მოწესრიგდა და მოეწყო საინჟინრო ქსელები და რეკრეაციული სივრცეები.

,,2023 წელს შეგვიძლია რეკორდული წელი ვუწოდოთ. 2021 წელს 2 მილიარდ 513 მილიონი ლარი იყო ბიუჯეტის შესრულება, წელს უკვე 3 მილიარდს გადავაბიჯეთ და მომდევნო წლის ბიუჯეტიც 3 მილიარდ 300 მილიონ ლარზე მეტია. ყველა მიმდინარე უმნიშვნელოვანესი პროექტი გრძელდება და ახალი პროგრამები და პროექტებიც კიდევ უფრო მნიშვნელოვან მუხტს მისცემს, როგორც ქვეყნის ინფრასტრუქტურულ განვითარებას, ასევე მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ტურიზმის გაზრდას და ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას“,- განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.
მინისტრმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანი იყო რეგიონული განვითარებისა და დეცენტრალიზაციის მიმართულებით ის კონკრეტული ინიციატივები, რომლებიც სამოქმედო გეგმით იქნა წარდგენილი და რომლის ფარგლებშიც მოხდება მუნიციპალიტეტების ფინანსური დამოუკიდებლობის და უფლებამოსილებების გაზარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები