“არაფერი შეცვლილა, როგორც გასულ წელს იყო, ასევეა გაკეთებული” – კალაძე პრეზიდენტის სასახლის წინ ილუმინაციების მოწყობის მიზეზს განმარტავს

არაფერი შეცვლილა. როგორც გასულ წელს იყო ორბელიანის მოედანზე და მიმდებარე ქუჩებზე საშობაო სოფელი მოწყობილი, ასევეა გაკეთებული, – ასე განმარტა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, რატომ განთავსდა საახალწლო ინფრასტრუქტურა ორბელიანის მოედანზე, პრეზიდენტის სასახლის წინ.

კალაძის თქმით, დახლები ორბელიანის მოედანზე დედაენის ბაღში მომუშავეების თხოვნით გადმოიტანეს.

„არაფერი შეცვლილა. როგორც გასულ წელს იყო ორბელიანის მოედანზე და მიმდებარე ქუჩებზე საშობაო სოფელი მოწყობილი, ასევეა გაკეთებული. რადგან დედაენის ბაღში მომუშავე ადამიანებმა სიცივის გამო გვთხოვეს, რომ ეს ყველაფერი გადმოგვეტანა ორბელიანის მოედანზე, ამ სივრცეების დამატება მოხდა, მეტი არაფერი. არანაირი დისკომფორტი არ იქმნება. პროტოკოლით როგორცაა გათვალისწინებული – უსაფრთხოება, შესაბამისი სამსახურის ჩართულობა, აბსოლუტურად ყველაფერი ისეა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გუშინ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, ადმინისტრაცია ახალ წლამდე დაგეგმილ ყველა ოფიციალურ ღონისძიებას აუქმებს, მათ შორის საქართველოს ეროვნული და ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიების 2022 წლის ლაურეატების დაჯილდოების სახელმწიფო ცერემონიას. მათი განმარტებით, გადაწყვეტილება ორბელიანების სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე შექმნილი ლოგისტიკური სირთულეების გამო მიიღეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები