კახა კალაძე: ოპოზიცია ვერ შეძლებს, რომ შეაჩეროს ის პროექტები, რომელიც თბილისის და თბილისელების კეთილდღეობისკენაა მიმართული

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მისთვის არ აქვს მნიშვნელობა, ოპოზიცია დაუჭერს თუ არა მხარს დედაქალაქის ბიუჯეტის პროექტს, საკრებულოში მაინც მივა, როგორც ამას წინა წლებში აკეთებდა.

კალაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მერიის არცერთ წამოწყებას ოპოზიციის მხარდაჭერა არ ჰქონია, ქალაქი განვითარებასა და აღმშენებლობას აგრძელებს.

„2017 წლიდან ქალაქის მერი ვარ და არცერთ ჩვენს წამოწყებას, არცერთ ჩვენს რეფორმას, ბიუჯეტის დამტკიცებას მათი მხრიდან არასდროს ჰქონია მხარდაჭერა. რამე გაფუჭდა ან შეიცვალა ამით? ქალაქი აგრძელებს განვითარებას, აღმშენებლობას და ვერცერთი „ნაცი“, ვერცერთი ადამიანი, ვისაც აქვს სურვილი, რომ ქვეყანაში იყოს არასტაბილური მდგომარეობა, არ იყოს მშვიდობა, ვერ შეძლებს იმას, რომ შეაჩეროს ის პროექტები, რომელიც თბილისის და თბილისელების კეთილდღეობისკენაა მიმართული.
საკრებულოში ყოველ წელს მივდივარ. ვსაუბრობთ იმაზე, რას ვაპირებთ მომდევნო წლის განმავლობაში, რა პროექტები განხორციელდება და ცხადია, წელსაც ასე მოხდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები