რას თხოვს მარგველაშვილი პუტინს და რას იზეიმებს 9 მაისს მოსკოვში

მარგველაშვილი ვასაძეს, ვასაძე სურკოვს, სურკოვი კი პუტინს საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრას თხოვს, – ამის შესახებ გაზეთი „პრაიმ ტაიმი“ სტატიას აქვეყნებს. როგორც სტატიაშია აღნიშნული, მარგველაშვილი მზად არის 2015 წლის 9 მაისს კრემლის პარადშიც მიიღოს მონაწილეობა. სტატიაში აღნიშნულია, რომ ლევან ვასაძისთვის, რომელსაც პოლიტიკური ამბიციები აქვს, მარგველაშვილის პარადში მონაწილეობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ამით ის სურკოვს დაარწმუნებს, როგორი გავლენები აქვს საქართველოს პრეზიდენტზე.
„რა ინტერესები აქვს მარგველაშვილს? მან ღარიბაშვილსა და ვასაძეს შორის გააკეთა არჩევანი? ანუ რა არჩევანი გააკეთა? ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას და პარლამენტმა მიიღო ანტიდისკრიმინაციული კანონი, რომლის კატეგორიული წინააღმდეგი გამოვიდა ლევან ვასაძე.
ვასაძის რუსეთთან კავშირები უკვე დიდი ხანია ცნობილია. ის პუტინის თანაშემწის ვლადისლავ სურკოვის პირადი მეგობარია. ამიტომაც გამოდის ყოველივე ევროპელის წინააღმდეგ. შეიძლება ევროპაც მოსწონს და ანტიდისკრიმინაციული კანონიც, მაგრამ სურკოვის დავალებებს მისთვის უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს.
კულუარული ინფორმაციით, მარგველაშვილი ახლა ვასაძეს, ვასაძე სურკოვს და სურკოვი, თავის მხრივ, პუტინს საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრას თხოვს. ძნელი სათქმელია რატომ ეხვეწება მარგველაშვილი პუტინს შეხვედრას… თუმცა, ქართული პოლიტიკისთვის ეს ახალი ხილი სულაც არ არის. ადრე ნინო ბურჯანაძე ეხვეწებოდა, მანამდე კი – ზურაბ ნოღაიდელი. ახლა მარგველაშვილი აპირებს კრემლის მძიმე კარის შეღებას…
ვასაძე ცდილობს მეგობარს სურკოვის მეშვეობით დაეხმაროს. ის მოსკოვში გავლენიანი ფიგურაა. სურკოვთან პოლიტიკური ქულების ჩაწერა მათთვის იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მარგველაშვილი მეტი შთაბეჭდილების მოსახდენად, მზად არის 2015 წლის 9 მაისს კრემლის პარადშიც მიიღოს მონაწილეობა. ლევან ვასაძისთვის, რომელსაც არანაკლები პოლიტიკური ამბიციები აქვს, მარგველაშვილის პარადში მონაწილეობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ამით ხომ ის სურკოვს დაარწმუნებს, როგორი გავლენები აქვს საქართველოს პრეზიდენტზე. კულისებში ამბობენ, რომ მარგველაშვილი ამ გეგმას უკვე დათანხმდა.
პოლიტიკური ქულების ჩაწერა ამ გეგმით ერთხელ უკვე ზურაბ ნოღაიდელმა და ნინო ბურჯანაძემაც სცადეს. მათ 2010 წლის 21 დეკემბერს ,,პოკლონნაია გორაზე“ გამართულ სამხედრო აღლუმში მიიღეს მონაწილეობა… სხვათა შორის, თავიდან, ამ ინფორმაციას ბურჯანაძეც უარყოფდა და ნოღაიდელიც, თუმცა მოგვიანებით, ზამთრის სუსხიან დღეებში, ორივე პუტინის გვერდით ვიხილეთ. დასანანი იქნება, თუკი გიორგი მარგველაშვილი კრემლის ნაკვალევზე გაივლის“, – აღნიშნულია სტატიაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები