“გიორგი მარგველაშვილმა გუნდური თამაშის წესები დაარღვია” – დაუპირისპირდება თუ არა ის ხელისუფლებას

გიორგი მარგველაშვილმა გუნდური თამაშის წესები დაარღვია, – ამის შესახებ სტატიას გაზეთი „პრაიმ ტაიმი“ აქვეყნებს. როგორც სტატიაშია აღნიშნული, „ქართულმა ოცნებამ“ ურეიტინგო და ყველასთვის უცნობი გიორგი მარგველაშვილის გაპრეზიდენტებისთვის ერთი წლის წინ ყველაფერი გააკეთა, თავად პრეზიდენტს კი ახლა გუნდის ერთგულებისთვის სიმამაცე არ ჰყოფნის.
„პოლიტიკაში ეს უპატიებელი შეცდომაა, თუმცა არამხოლოდ პოლიტიკაში. ღარიბაშვილისთვის მისი გვერდით გაწევა, ალბათ, ღალატზე მეტია და არამხოლოდ პრემიერისთვის. მარგველაშვილის მხრიდან გუნდთან დაპირისპირება ნამდვილად ღალატია. სულ რაღაც ერთი წლის წინათ ,,ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ურეიტინგო და ყველასთვის უცნობი ადამიანი საქართველოს პრეზიდენტი გამხდარიყო. და ახლა მას, როცა უკვე არჩეულია და მაღალი ლეგიტიმაცია აქვს, როგორც ჩანს, ერთგულებისთვის სიმამაცე არ ჰყოფნის.
თუმცა მაშინ, როცა მარგველაშვილი ჯერ კიდევ საარჩევნო რინგზე იდგა და “ნაციონალების” კანდიდატს დავით ბაქრაძეს უპირისპირდებოდა, ,,ქართულ ოცნებას“ ერთგულებისთვის გამბედაობა ეყო… ეყო სითამამე, ყურადღება არ მიექცია იმ ნეგატივისთვის, რაც მარგველაშვილის პირად ცხოვრებაზე, მის ჯანმრთელობასა თუ იგივე ლევან ვასაძესთან კავშირებზე იწერებოდა. მარგველაშვილისა და ვასაძის ერთობლივი ფოტოები მაშინ როგორც კომპრომატი, ისე ვრცელდებოდა. მაგრამ გუნდი გუნდია, თუ ერთხელ გააკეთე არჩევანი, შემდეგ იმის გამბედაობაც უნდა გეყოს, რომ სხვადასხვა მხრიდან მიზანმიმართულ ან პროვოკაციულ რყევებს გაუძლო“, – აღნიშნულია სტატიაში.
როგორც სტატიის ავტორი წერს, მარგველაშვილს შურისძიებისთვის ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი გია ხუხაშვილი იყენებს, რომელიც სკანდალებში გაეხვია და გუნდი დაატოვებინეს.
„მარგველაშვილი, რომელსაც გია ხუხაშვილი იცავს, სასაცილოდ გამოიყურება. ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი, რომელიც სერიოზულ სკანდალებში გაეხვია და საბოლოოდ გუნდიც დაატოვებინეს, როგორც ჩანს, შურიძიებისთვის ყველა სუსტ რგოლს გამოიყენებს. და თუ მარგველაშვილი იქნება ასეთი რგოლი, მის გამოყენებას ახალი ხელისუფლების დასაშლელად სხვებიც შეეცდებიან. ასე რომ, მარგველაშვილმა უნდა გადაწყვიტოს – საკუთარ გუნდს უღალატებს და პოლიტიკურ ავანტიურაში ჩაერთვება თუ იმ გუნდთან ერთად დადგება, ვინც მას ჯერ კიდევ მაშინ ენდო, როცა სხვები აკრიტიკებდნენ“, – წერს სტატიის ავტორი.
ამასთან, სტატიაში საუბარია ბოლო სკანდალთან დაკავშირებითაც, როდესაც მარგველაშვილმა მიხეილ სააკაშვილის საბიუჯეტო ხარჯვასთან დაკავშირებით,მიმიდინარე გამოძიების მასალების ნაწილისთვის გრიფი „საიდუმლოს“ მოხსნა დააყოვნა. პოლიტიკურ ძალებსა და ფიგურებს კი იმის განცდა გაუჩნდათ, რომ მარგველაშვილი ოპოზიციურ ცენტრს შექმნის და ხელისუფლებას დაუპირისპირდება.
„ბოლო სკანდალზე იურისტები განმარტავენ, რომ პრეზიდენტს კანონი არ დაურღვევია, რომ მას ერთი თვის ვადა გქონდა იმისათვის, რომ პროკურატურის წერილზე რეაგირება მოეხდინა. თუმცა, ამ თემას აქვს პოლიტიკური მხარეც, მით უფრო პრეზიდენტისთვის, რომელიც პოლიტიკური ფიგურაა და არა მოსამართლე, მხოლოდ იურიდიული ნორმებით რომ ხელმძღვანელობდეს. ყველაფერი პროკურატურა-მარგველაშვილის მიმოწერით არ დაწყებულა, ეს სხვა ისტორიების გაგრძელება იყო, თუმცა მხოლოდ ახლა პრეზიდენტის მთავრობასთან დაპირისპირებამ უფრო ღია ხასიათი მიიღო. პროკურატურამ პრეზიდენტს წერილით 12 ივლისსა და 6 აგვისტოს მიმართა, სადაც ის 2009-2013 წლებში სდსს-ისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო ხარჯვასთან დაკავშირებით, მიმიდინარე გამოძიების მასალების ნაწილისთვის გრიფი „საიდუმლოს“ მოხსნას ითხოვდა. მარგველაშვილმა პასუხი დააყოვნა, რის შემდეგაც პროკურატურის წარმომადგენელსა და პრეზიდენტს შორის შეხვედრა შედგა. მხოლოდ ამის შემდეგ მოაწერა ხელი მარგველაშვილმა გრიფ ,,საიდუმლოს“ მოხსნას, ანუ პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა და ექსპრეზიდენტის ხარჯები საჯარო გახადა. პრემიერი გაოცებული დარჩა, რატომ დასჭირდა პრეზიდენტს თითქმის თვე იმისათვის, რომ ეს დოკუმენტები გაესაჯაროებინა, რომელიც დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა… სააკაშვილს დააფარა ხელი?
საინტერესოა, რომ რამდენიმე დღის წინ გიორგი მარგველაშვილი იმ პოლიტიკურ ფიგურად მოინათლა, რომელმაც მაგნიტის ფუნქცია შეიძინა. მარტივად რომ ვთქვათ, გარკვეულ პოლიტიკურ ძალებსა და ფიგურებს იმის განცდა გაუჩნდათ, რომ მარგველაშვილი ოპოზიციურ ცენტრს შექმნის და ხელისუფლებას დაუპირისპირდება. ხუხაშვილმა უკვე დაიწყო მისი დაცვა, ის კი ყოველთვის იქ ჩანს, სადაც თვითგადარჩენის შანსი ეძლევა.
ახლა ქართულ პოლიტიკაში გადარჩენის პრობლემა ნამდვილად დგას, მარგველაშვილის საჭიროებაც ამიტომ გაჩნდა და არა იმიტომ, რომ ვინმე მასში პოლიტიკურ ფიგურას ან საიმედო პარტნიორს ხედავს. მით უფრო, რომ პრეზიდენტმა უკვე რამდენჯერმე დააფიქსირა გაუგებარი პოზიცია. ჯერ ვითომ ვეტოს ადებდა კანონს მოწმის დაკითხვის წესის შესახებ, რომელსაც მერე ვეტო არ დაადო და არც განმარტებები გაუკეთებია, ახლა პროკურატურის წერილებს არ პასუხობდა და მერე გრიფი ,,საიდუმლოც“ მოხსნა“, – აღნიშნულია სტატიაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები