„დანახული ხიდთან“ – ჯარჯი და ანტონ ბალანჩივაძეების გამოფენა გაიხსნა
ჯარჯი და ანტონ ბალანჩივაძეების გამოფენის – „დანახული ხიდთან“ – გახსნას დიმიტრი შევარდნაძის სახელობის საქართველოს ეროვნულმა გალერეამ უმასპინძლა.
გალერეაში გამოფენილია ჯარჯი ბალანჩივაძის 60-მდე ფერწერული ნამუშევარი და ანტონ ბალანჩივაძის მიერ ამ პროექტისთვის შექმნილი 40-ზე მეტი ტილო და ინსტალაცია. ღონისძიებას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ირაკლი გივიაშვილი დაესწრო.
საქართველოს კულტურის სამინისტროს მიერ გამოცხადებული კონკურსის – „სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების დარგში საიუბილეო წიგნი-ალბომების გამოცემის ხელშეწყობა“ – ფარგლებში გახსნის ცერემონიაზე გაიმართა ჯარჯი ბალანჩივაძის ფერწერული ნამუშევრების საიუბილეო (ხელოვანს 80 წელი შეუსრულდებოდა) ალბომის პრეზენტაციაც.
სამინისტროს მხარდაჭერით გამოიცა წიგნი-ალბომის 500 ეგზემპლარი. ორენოვან ალბომზე იმუშავეს ჯარჯი ბალანჩივაძის ოჯახის წევრებმა – მისმა შვილმა, მხატვარმა ანტონ ბალანჩივაძემ და მეუღლემ, მუსიკოსმა ქეთევან ბალანჩივაძემ, წიგნის დიზაინის ავტორია ალექსანდრე ჩხაიძე.
„კომპოზიტორი, მუსიკოსი და მხატვარი ჯარჯი ბალანჩივაძე 1972-1976 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი. მან არაერთი სოლო კონცერტი და გამოფენა გამართა თბილისში, სომხეთში, გერმანიასა და ჰოლანდიაში; მუსიკალურად გააფორმა სპექტაკლები თბილისსა და გერმანიაში; იყო კამერული ორკესტრის, „ორფეოსის“, დამაარსებელი და ხელმძღვანელი; ავტორია სიმფონიური, კამერულ-ინსტრუმენტული და სხვა ჟანრის ნაწარმოებებისა. ქართველი პიანისტი იყო ამიერკავკასიის მუსიკოს-შემსრულებელთა 1-ელი კონკურსის ლაურეატი (1960წ), საქართველოს კულტურის სამინისტროს I პრემიის ორგზის ლაურეატი, ფ. ლისტის სახელობის მედლის (1991 წ., უნგრეთი) მფლობელი.
ანტონ ბალანჩივაძე თბილისის სამხატვრო აკადემიაში სწავლის შემდეგ მონაწილეობდა სხვადასხვა გამოფენასა და ხელოვნებასთან დაკავშირებულ პროექტში. მისი ნახატები გამოფენილი იყო ლუვრში, ვენაში პიკასოს, დალისა და შაგალის ორიგინალებთან ერთად. ქართველი ფერმწერის ნამუშევრები ინახება თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, საქართველოს სხვადასხვა მუზეუმსა და გალერეაში, გალერეაში „კრისტინ კოლა” პარიზში, გალერეაში JMA ვენაში, ლონდონის Camden Art Gallery-ში, ასევე – საქართველოს, რუსეთის, გერმანიის, ნიდერლანდების, იაპონიის, აშშ-ის, საბერძნეთის, უნგრეთის, ინგლისის, ესტონეთის, შვეიცარიის, ისრაელის, ჩეხეთის, ავსტრიის, თურქეთის კერძო კოლექციებში.
გამოფენის სახელწოდებაში ხიდი სულიერი სიფხიზლის იმგვარ მდგომარეობას გულისხმობს, როცა მხატვრისა თუ დამთვალიერებლის გამოცდილება, მოგონებები, ცოდნა, სათქმელი აწმყოში ობიექტურად მიმდინარე განვითარების ჩანასახების გაცნობიერებისა და მათზე დადებითად ზემოქმედების სურვილად უნდა გადაიქცეს“, – ნათქვამია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მუზეუმის სტუმრები გამოფენის დათვალიერებას 15 იანვრამდე შეძლებენ.