დეპუტატებმა განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენების პერსპექტივების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა საქართველოში განახლებადი ენერგიის წყაროების, მათ შორის, ქარისა და მზის ენერგიის გამოყენების პერსპექტივების შესახებ ინფორმაცია მოისმინა. ინფორმაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძემ წარადგინა.

„ჩვენი, როგორც ენერგეტიკის პოლიტიკის გამტარებლების, ძირითადი მიზანია ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფა, რაც ნიშნავს ადეკვატური და საიმედო ენერგეტიკული წყაროების არსებობას. ქვეყნის მოსახლეობის და ბიზნეს სექტორის უსაფრთხო, სუფთა ხელმისაწვდომი ენერგიით უზრუნველყოფა, მზარდი მოხმარების გათვალისწინებით, არის ჩვენი ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი წინაპირობა”, – განაცხადა რომეო მიქაუტაძემ.

მინისტრის მოადგილემ დეტალურად ისაუბრა მიმდინარე წელს 9 ჰიდროელექტროსადგურის ექსპლუატაციაში შესვლისა და მათი სიმძლავრეების თაობაზე, განახლებადი ენერგიების განვითარების მიმართულებით გაწეული საქმიანობისა და მწვანე წყალბადის წარმოების საპილოტე პროექტის დაწყების შესახებ. მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის განახლებადი ენერგიის დირექტივის საფუძველზე მომზადებულ და 2019 წლის 20 დეკემბერს პარლამენტის მიერ დამტკიცებულ „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ” კანონზე და შესაბამისი საკანონმდებლო აქტების თაობაზე. ასევე განახლებადი ენერგიის მხარდაჭერის ახალ სქემაზე, რომელიც კონკურენციისა და საბაზრო პრინციპებს ეფუძნება. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ აღნიშნა, რომ განახლებადი ენერგიის გამოყენების სქემის დამტკიცება ნამდვილად წინგადადგმული ნაბიჯია.

„ბევრად უკეთეს შედეგებს მივაღწევთ ჩვენ როგორც ინვესტიციების მოზიდვის, ისე მდგრადი განვითარების კუთხით. ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ჩვენი ქვეყნისთვის, ასევე ჩვენი საერთაშორისო გარემოსდაცვითი ვალდებულების შესრულების თვალსაზრისით. ამ დონის სტრატეგიული დაგეგმვა, რაც კლიმატის ადაპტაციისა და ენერგეტიკული პოტენციალის გამოყენების, ევროპასთან ენერგეტიკული ინტეგრაციის, ენერგოუსაფრთხოების კუთხით ქვეყანაში მიმდინარეობს, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ჩვენ არ გვქონია. უწყებრივი თანამშრომლობა ნათლად აჩვენებს იმას, რომ ძალიან გეგმაზომიერად მივდივართ იმ ნაბიჯისკენ, რომელიც ჯერ შორსაა, მაგრამ მაინც დიდი პერსპექტივა გვაქვს, რასაც ენერგოდამოუკიდებლობა ჰქვია”, – განაცხადა მაია ბითაძემ.

დღევანდელ სხდომაზე კომიტეტში ასევე განიხილეს „საქართველოში მდგრადი მობილობის გამოწვევებისა და პერსპექტივების შესახებ” თემატური მოკვლევის დაწყების საკითხი. მოკვლევა ბრიტანეთის მთავრობის მხარდაჭერით განხორციელდება და მის მიზანს წარმოადგენს დაბალი ემისიის მობილობის გამოწვევებისა და პერსპექტივების შესწავლა საქართველოში, რაც ასევე მნიშვნელოვანი იქნება დარგთაშორისი საკითხების მეტი ინტეგრაციისთვის.
„ჩვენ როდესაც ვხედავთ, რომ საქართველოს მთავრობის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებების და საკანონმდებლო აქტების მიღების პარალელურად მიმდინარეობს პროცესები, რომლითაც მიმდინარეობს ინტეგრირების პროცესი გარემოსდაცვით, ეკონომიკურ და სატრანსპორტო საკითხებზე, ვფიქრობ, ძალიან დროულია თემატური მოკვლევის დაწყება ამ მიმართულებით”, -განაცხადა მაია ბითაძემ. მან სხდომაზე თემატური მოკვლევის ჯგუფის წევრები წარადგინა და აღნიშნა, რომ მოკვლევის ტექნიკური პირობები ერთი კვირის განმავლობაში საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდება. კომიტეტმა თემატური მოკვლევის დაწყებას მხარი დაუჭირა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები