“ოპოზიციას არ სურს გამჭვირვალედ შეარჩიოს ომბუდსმენის კანდიდატურა, ერთადერთი, რაც მათ უნდოდათ არის საკუთარი გავლენის ქვეშ მყოფი ადამიანი დაენიშნათ ამ თანამდებობაზე ხელისუფლების ხელით ისე, რომ საზოგადოებას სცოდნოდა, რომ ეს მხოლოდ ხელისუფლებამ შეარჩია”,- ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა არჩილ თალაკვაძემ ომბუდსმენის შერჩევის პროცესთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, პარლამენტი შეეცდება, რომ საგაზაფხულო სესიაზე შეარჩიოს ომბუდსმენის კანდიდატი, რომელიც კვალიფიციური და დამოუკიდებელი იქნება.
„ჩვენ ღია პროცესი შევთავაზეთ საზოგადოებას. ამ პროცესის საუკეთესო შედეგი იქნებოდა, რომ აგვერჩია დამოუკიდებელი, პროფესიონალი ომბუდსმენი, მაგრამ მინიმალური შედეგი მაინც ის არის, რომ საზოგადოებამ დაინახა, რომ ღია პროცესში არ სურს რადიკალურ ოპოზიციას მონაწილეობა, მათ არ სურთ გამჭვირვალედ შეარჩიონ ომბუდსმენის კანდიდატურა. ერთადერთი, რაც მათ უნდოდათ არის ის, რომ საკუთარი გავლენის ქვეშ მყოფი ადამიანი დაენიშნათ ამ თანამდებობაზე ხელისუფლების ხელით ისე, რომ საზოგადოებას სცოდნოდა, რომ ეს მხოლოდ ხელისუფლებამ შეარჩია, მაგრამ სინამდვილეში, ეს ყოფილიყო მათ მიერ მართული ადამიანი. რა თქმა უნდა, ჩვენ კარგად ვკითხულობთ ამ სიტუაციას, ისიც კარგად გვესმის, რომ მნიშვნელოვანია ქვეყანას ჰყავდეს დამოუკიდებელი ახალი ომბუდსმენი და ვეცდებით უკვე საგაზაფხულო სესიაზე, რომ შევარჩიოთ სათანადო კანდიდატურა. თუ რადიკალური ოპოზიცია კვლავ ხელს შეუშლის ამ პროცესს, რა თქმა უნდა, გამოსავალი მაინც მოიძებნება“, – განაცხადა თალაკვაძემ.