არჩილ თალაკვაძე: ოპოზიციის ნაწილმა მხარი არ დაუჭირა საარჩევნო რეფორმას, რითაც მათ დაამტკიცეს კიდევ ერთხელ, რომ საქმით არიან ანტიევროპულები
საარჩევნო რეფორმა, რომელიც ჩვენ შევთავაზეთ საზოგადოებას და პარლამენტს, საარჩევნო გარემოს აუმჯობესებს და გამორიცხავს იმ სპეკულაციებს, რომელიც იყო ხოლმე წინასაარჩევნო კამპანიის თუ კენჭისყრის დღეს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციის ნაწილმა ცვლილებათა პაკეტს მხარი არ დაუჭირა, რითაც დაამტკიცა, რომ საქმით ანტიევროპულები არიან.
“საარჩევნო რეფორმა, რომელიც ჩვენ შევთავაზეთ საზოგადოებას და პარლამენტს, საარჩევნო გარემოს აუმჯობესებს და გამორიცხავს იმ სპეკულაციებს, რომელიც იყო ხოლმე წინასაარჩევნო კამპანიის თუ კენჭისყრის დღეს. რაც მთავარია, უკვე გვაქვს ვენეციის კომისიის დადებითი შეფასება, რომ ეს არის სწორი რეფორმა. ეს არის საჭირო ცვლილებები. მივიღეთ უკვე, პარლამენტში ამ პაკეტის კენჭისყრა მოხდა. როგორც მოსალოდნელი იყო, ოპოზიციის დიდმა ნაწილმა, რომელიც საკუთარ თავს “მთავარ ოპოზიციას” ეძახის და არის რადიკალური ბანაკის წარმომადგენელი, კვლავ მხარი არ დაუჭირა ცვლილებათა ამ პაკეტს, რითაც მათ დაამტკიცეს კიდევ ერთხელ, რომ საქმით არიან ანტიევროპულები, მხოლოდ სიტყვით უჭერენ მხარს ევროპას და საქართველოს ევროინტეგრაციას. ამ კენჭისყრის დროს კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ კონსენსუსი იყო საზოგადოებას, ხელისუფლებას, პარლამენტსა და ვენეციის კომისიას შორის და ისევ პოლიტიკურ “ოფსაიდში” დარჩა “ნაციონალური მოძრაობა” თავის სატელიტებთან ერთად”, – განაცხადა თალაკვაძემ.