“უკრაინა აკავებს პუტინს, როგორც ოდესღაც თავისუფალი სამყარო ჰიტლერს აკავებდა” – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთთან ომით უკრაინა ვლადიმერ პუტინს ისე აკავებს, როგორც ოდესღაც თავისუფალი სამყარო ადოლფ ჰიტლერს აკავებდა.

ამის შესახებ მან ვაშინგტონში კონგრესმენებისადმი მიმართვისას თქვა.

“ჩვენს წინააღმდეგ ყველაფერს იყენებენ, როგორც ოდესღაც მსგავსმა ტირანიამ ყველაფერი მიმართა ჩვენს წინააღმდეგ, რაც აქვთ, თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ. ისევე, როგორც მამაცი ამერიკელი ჯარისკაცები, რომლებიც 1944 წლის შობის დღეს, იდგნენ და უკან ახევინებდნენ ჰიტლერის ჯარებს, მამაცი უკრაინელი ჯარისკაცები, ამ შობას იგივეს აკეთებენ პუტინის ჯარებთან მიმართებით. უკრაინა ინარჩუნებს თავის პოზიციებს და არასოდეს დანებდება“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

მან კონგრესმენებს მიმართა, “თითოეულ თქვენგანს, ძვირფასო კონგრესის წევრებო, შეუძლია წვლილი შეიტანოს მშვიდობის ფორმულის განხორციელებაში. რომ ამერიკამ უდავო ლიდერობა შეინარჩუნოს. თქვენ შეგიძლიათ გააძლიეროთ სანქციები ისე, რომ რუსეთს აგრძნობინოთ რამდენად დამანგრეველია მისი აგრესია. თქვენი ძალებშია – დაგვეხმაროთ პასუხისგებაში მივცეთ ყველა, ვინც ეს არაპროვოცირებული და უკანონო ომი გააჩაღა“.

„ორ დღეში შობას აღვნიშნავთ. სავარაუდოდ, სანთლის შუქზე. არა იმიტომ, რომ ასე უფრო სენტიმენტალურია. იმიტომ რომ შუქი არ იქნება. ამჟამად, რუსეთის დარტყმების შედეგად, უკრაინაში ათ მილიონზე მეტი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა. მილიონობით სითბოსა და წყლის გარეშეა დარჩენილი და ჩვენ არ ვწუწუნებთ. ჩვენ არ ვუყურებთ – ვისთვის უფრო ადვილია.

ჩვენ გავივლით ჩვენს ომს დამოუკიდებლობისთვის. ჩვენ აღვნიშნავთ ამ შობას – და თუ ელექტროენერგია არ იქნება, ჩვენი რწმენის სინათლე მაინც არ ჩაქრება. თუ რუსული რაკეტები იქნება, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დავიცვათ თავი. თუ ირანული დრონები იქნება და ჩვენს ხალხს შობის წინა საღამოს თავშესაფრებში გადასვლა მოუწევთ, უკრაინელები იქაც მიუსხდებიან სადღესასწაულო სუფრას და გაამხნევებენ ერთმანეთს. და ჩვენ მოვისმენთ უკრაინელების მილიონობით ხმას, რომელთაც ყველას ერთი რამ უნდა – ეს გამარჯვებაა!” – განაცხადა ზელენსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები