“შემდეგი წელი გარდამტეხი იქნება, და ამისთვის მეტი არტილერია, იარაღი და ჭურვები გვჭირდება”- ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთთან ომში უკრაინისთვის 2023 წელი გარდამტეხი იქნება. 

ამის შესახებ მან ვაშინგტონში კონგრესში სიტყვით გამოსვლისას თქვა.

“მომავალ წელს, დადგება დრო, როდესაც უკრაინული გამბედაობა და ამერიკული მონდომება ჩვენი თავისუფლების მომავლის გარანტიას უზრუნველყოფს”,- თქვა ზელენსკიმ და ბახმუტი ახსენა, სადაც ორი დღის წინ იმყოფებოდა და მეომრები მოინახულა.

„უკრაინული დონბასი დგას. რუსული არმია იყენებს ყველაფერს, რაც შეუძლია ბახმუტისა და ჩვენი სხვა ქალაქების წინააღმდეგ.ოკუპანტების უპირატესობა არტილერიაში არის საგრძნობი. მათ ჩვენზე 3-ჯერ მეტი ჭურვი აქვთ. ისინი იყენებენ ბევრჯერ მეტ რაკეტას და თვითმფრინავს, ვიდრე ოდესმე ჩვენ გვქონია. მაგრამ ჩვენი თავდაცვის ძალები დგას. უკრაინა დგას და არასოდეს დანებდება!“- თქვა ზელენსკიმ.

მისი თქმით, უკრაინას ამერიკელების დახმარება სჭირდება, არა მხოლოდ თავდაცვისთვის, არამედ მორალურად მათზე გამარჯვებისთვის.

„ჩვენ გვჭირდება თქვენი დახმარება არა მხოლოდ მსგავს ბრძოლებში დგომისთვის, არამედ მათ გასატეხად. ბრძოლის ველზე გასამარჯვებლად. მომავალ წელს ჩვენ გვჭირდება მეტი არტილერია, იარაღი და ჭურვები, რომ ბახმუტი იყოს არა მხოლოდ ციხესიმაგრე, რომელიც ამტვრევს რუსეთის არმიას, არამედ სარატოგას ბრძოლის მსგავსად – ბახმუტისთვის ბრძოლამ შეცვალოს ჩვენი დამოუკიდებლობისთვის ომის მიმდინარეობა”. – განაცხადა პრეზიდენტმა.

ამასთან, როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, უკრაინას არასდროს მოუთხოვია და არც ითხოვს, რომ მათ მიწაზე უკრაინელების ნაცვლად, ამერიკელებს ებრძოლათ.

„მაგრამ უკრაინელ ჯარისკაცებს შეუძლიათ მართონ თანამედროვე ამერიკული ტანკები და თვითმფრინავები. ასე რომ, თქვენი მხარდაჭერა კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ისევე როგორც ფინანსური დახმარება – სწორი და დროული იქნება 2023 წლის ფინანსური პაკეტის მიწოდება“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები