„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას ეხმაურება, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანისკენ მოუწოდებს.
მდინარაძის თქმით, აღნიშნული განცხადება ქვეყნის შიდა საქმეებში უხეში ჩარევაა.
„როდესაც პირდაპირ მოგვიწოდებენ, ფეიკ-კამპანიაზე, სიმულაციებზე და მანიპულაციაზე დაყრდნობით, რომ რაღაც გადაწყვეტილება მიიღოს საქართველომ, რომელიც არ შეიძლება, რომ იყოს პოლიტიკური გადაწყვეტილება და კონკრეტულად მართლმსაჯულების შიგნით გადასაწყვეტი საკითხია, ეს, რა თქმა უნდა, უხეში ჩარევაა [ქვეყნის შიდა საქმეებში]. მაგრამ ამასთან დაკავშირებით ზედმეტ კომენტარს არ ვაპირებთ, იმიტომ რომ ეს არის ქვეყანა, რომელიც დღეს არის ომში. როდესაც ისინი ამგვარ მოქმედებებს ჩაიდენენ, ჩვენ იძულებულები ვხდებით ვუპასუხოთ. არცერთი ჩვენი რეაქცია, არცერთი ჩვენი განცხადება არ ყოფილა პროაქტიული. არ დაგვიწყია არანაირ მსგავს თემაზე ჩვენ საუბარი. ყოველთვის გვიწევს პასუხების გაცემა და თუ ჩვენი მეგობარი ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან არ არის ხოლმე თავდასხმა, პირდაპირი მოწოდება ომისკენ, შიდა საქმეებში, მართლმსაჯულებაში ჩარევის მცდელობა ჩვენ არანაირ პროაქტიულ ღონისძიებას არ ვატარებთ, არანაირ განცხადებას არ ვაკეთებთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.