მედეა ჯანიაშვილი: Best Tourism Villages by UNWTO-ის ნომინაციაში გამარჯვება კიდევ ერთხელ დაგვეხმარება, მსოფლიო ტურისტულ ბაზარს გავაცნოთ სვანეთი და კიდევ უფრო მეტი ვიზიტორი მოვიზიდოთ საქართველოში
გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ნომინაციაში – Best Tourism Villages by UNWTO მესტიის გამარჯვებას მნიშვნელოვან მიღწევად აფასებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი. მედეა ჯანიაშვილის განცხადებით, ეს გამარჯვება ქვეყანაში კიდევ უფრო მეტი ტურისტის მოზიდვას ხელს შეუწყობს.
„ძალიან სასიხარულო ფაქტია, 130-ზე მეტი განაცხადი იყო და ხმათა უმრავლესობით საუკეთესო ტურისტულ მიმართულებად მესტია შეირჩა. შერჩევის პროცესში კომპლექსურ მიდგომებს მიექცა ყურადღება, მათ შორის სვანეთის მრავალფეროვან ტურისტულ შეთავაზებას, კულტურას, ბუნებრივ რესურსებს, შენარჩუნებულ ავთენტურობას.
ჩვენ მსოფლიო ტურისტულ ბაზარს თანამედროვე ტურისტულ პროდუქტებს ვთავაზობთ. სვანეთი გამოირჩევა ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით, ტურიზმის განვითარების ტემპით და პოპულარობით, როგორც საერთაშორისო ასევე შიდა მასშტაბით. ეს კიდევ ერთხელ დაგვეხმარება, მსოფლიო ტურისტულ ბაზარს გავაცნოთ სვანეთი და კიდევ უფრო მეტი ვიზიტორი მოვიზიდოთ საქართველოში”, – განაცხადა მედეა ჯანიაშვილმა.
Best Tourism Villages by UNWTO-ს პროექტი წარმოადგენს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ინიციატივას, რომლის მიხედვითაც, გამარჯვებულის სტატუსი ენიჭება გამორჩეული დანიშნულების ადგილების მქონე ლოკაციებს; მიმართულებას, სადაც სანიმუშოდ ვითარდება სოფლის ტურიზმი, გააჩნია აღიარებული კულტურული და ბუნებრივი რესურსები და ამასთანავე აქტიურად და ეფექტიანად ხდება ადგილობრივი საზოგადოების ძირითად ღირებულებებსა და ცხოვრების წესზე დაფუძნებული ინტერესების და საჭიროებების უზრუნველყოფა.