ქართველ მეზღვაურთა სოციალური და შრომითი უფლებები კიდევ უფრო დაცული ხდება
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა „საზღვაო შრომის კონვენციის” რატიფიცირებას მხარი დაუჭირა.
პარლამენტის ინფორმაციით, კონვენცია, საზღვაო სექტორში შრომის შესახებ არსებულ თითქმის ყველა ნორმატიულ დოკუმენტს ერთი ახალი კონვენციის სახით უყრის თავს და მეზღვაურთათვის სამუშაო პირობების უფლებების გაუმჯობესებას ითვალისწინებს.
დოკუმენტი რატიფიცირებისთვის, სხდომაზე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილმა წარადგინა. კონვენცია მეზღვაურთა მუშაობისა და ცხოვრების შესახებ, თითქმის ყველა ასპექტს მოიცავს, მათ შორის: შრომით ხელშეკრულებას, ხელფასს და მისი გადახდის წესს, სამუშაო და დასვენების დროის ხანგრძლივობას, შვებულებით სარგებლობის უფლებას, ჯანმრთელობის დაცვას, სამედიცინო მომსახურებას, სოციალურ-საყოფაცხოვრებო მომსახურებას, სოციალური უსაფრთხოების დაცვას და ა.შ. კონვენციის რატიფიცირებით საქართველოს შესაძლებლობა ეძლევა მისი დროშის ქვეშ მცურავ ყოველ გემზე საზღვაო შრომით ნორმებთან შესაბამისობის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენა უზრუნველყოს.
საქართველო იღებს ვალდებულებას ქვეყნის კანონმდებლობა, კონვენციით დადგენილი პირობების თანახმად მოიყვანოს სისრულეში. სწორედ ამიტომ მომზადდა კანონპროექტის პაკეტი „მეზღვაურთა შრომის შესახებ” და მისი მიღების შედეგად მეზღვაურთა შრომის შესახებ საერთაშორისო კონვენციით გათვალისწინებული დებულებები კანონმდებლობაში აისახება.
„წარმოდგენილი პროექტის მიღება ხელს შეუწყობს ქართველი მეზღვაურების სოციალური და შრომითი უფლებების დაცვას და საქართველოს სახელმწიფო დროშის ავტორიტეტის გაზრდას საერთაშორისო საზღვაო სანაოსნო ინდუსტრიაში”, – აღნიშნა მომხსენებელმა.