„ჩვენ ეს დაგვეხმარება, საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება შეძლოს” – მაისაია ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტთან დაკავშირებით

„ეს მოვლენა იმითაცაა მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ ეს დაგვეხმარება, საქართველომ უახლოეს პერიოდში ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება შეძლოს,“- ამის შესახებ უსაფრთხოების საკითხების ანალიტიკოსმა, პოლიტოლოგმა ვახტანგ მაისაიამ შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტთან დაკავშირებით მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული პროექტი საქართველოს როგორც სახელმწიფოებრივი განვითრებისთვის მნიშვნელოვანი ეტაპია.

„ყველაზე მსხვილი გეოეკონომიკური პროექტის დაწყება, ეს მნიშვნელოვანი მოვლენა, საქართველოს როგორც სახელმწიფოებრივი განვითრების საკმაოდ მნიშვნელოვან ეტაპს უკავშირდება. ეს ეხება აზერბაიჯანს, საქართველოს, რუმინეთსა და უნგრეთს შორის დადებულ სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას, რომელიც შავი ზღვის ფსკერის შიგნით სპეციალური კაბელის გაყვანას ითვალისწინებს, რომლის მეშვეობითაც ამ სახელმწიფოებს შორის ელექტროენერგიის გაცვლა მოხდება. ამ პროექტის გეოეკონომიკურ მნიშვნელობაზე ის ფაქტიც მეტყველებს, რომ პროექტის შესახებ შეთანხმების ხელმოწერას ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ესწრებოდა. მან ამ პროექტს ისტორიული უწოდა. აღნიშნული პროექტი ევროგაერთიანების მიერ 2020 წელს მიღებული ე.წ. მწვანე ენერგეტიკის სტრატეგიის კონცეფციაში ჯდება.
ეს მოვლენა იმითაცაა მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ ეს დაგვეხმარება, საქართველომ უახლოეს პერიოდში ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება შეძლოს. ამ კუთხითაც დადებითი მომენტია. ეს ევროკავშირის ენერგოუსაფრთხოების სტრატეგიასთან თავსებადობის პრინციპის მიღწევის ერთ-ერთი მთავარი პირობა იქნება. ამით, ფაქტობრივად, ევროკავშირის „ლიდერშიფმა“ დაადასტურა, რომ საქართველო ენერგოუსაფრთხოების კუთხით თავსებადია, რომ ამ სტატუსის მფლობელი გახდეს.
ეს გეოეკონომიკური პროექტი პირდაპირ თავსებადია ევროკავშირის ღირებულებებთან, ასევე ევროკავშირის ენერგოუსაფრთხოების სტრატეგიასთან. ევროკავშირის ენერგოდივერსიფიკაციის პოლიტიკის ხელშეწყობის პირობებს კიდევ უფრო ავითარებს. ჩვენი ევროკავშირში შესვლის და შემდგომი ინტეგრაციის პროცესების დაწყებისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტია“ – განაცხადა მაისაიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები