„ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ იმის დადასტურებაა, რომ საქართველოს ომი არ დაუწყია, ჩვენი ნაბიჯები სამხედრო საფრთხეების თავიდან ასაცილებლად ადეკვატური იყო“ – ვახტანგ მაისაია

აგვისტოს ომის საქმეზე ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ იმის დადასტურებაა, რომ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ ომი არ დაუწყია. შესაბამისად, ჩვენ მიერ გადადგმული ნაბიჯები აბსოლუტურად ადეკვატური იყო იმ სამხედრო საფრთხეების თავიდან ასაცილებლად, რომელიც აგვისტოს ომის პერიოდში მოდიოდა, – ამის შესახებ უსაფრთხოებისა და სამხედრო საკითხების ანალიტიკოსმა, პოლიტოლოგმა ვახტანგ მაისაიამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა.

მაისაიას თქმით, ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება იმას ნიშნავს, რომ აგვისტოს ომის პერიოდში საქართველოს შეიარაღებულ ძალებს და პოლიტიკური ხელისუფლების წარმომადგენლებს არცერთი ისეთი სახის დანაშაული არ ჩაუდენიათ, რომელიც შეიძლება, ჰუმანიტარული სამართლის დარღვევად, კაცობრიობის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯად იყოს ჩათვლილი.

„მინდა, საქართველოს ეს წარმატება მივულოცო. ჰააგის სასამართლოს პროკურორის განცხადებით, საქმე, რომელიც აგვისტოს ომის დროს ჩადენილი დანაშაულების შესახებ პროცესს ეხებოდა, ფაქტობრივად, დახურულია. სამი ძირითადი ოფიციალური დამნაშავეა გამოვლენილი, ესენი არიან: მიხაილ მინძაევი, გამლეტ გუჩმაზოვი და დავიდ სანაკოევი. ამავე კონტექსტში სისხლის სამართლის დამნაშავედ გენერალი ივანოვი გადიოდა, რომელიც რუსეთის საოკუპაციო ჯარს შემოუძღვა და მისი ერთ-ერთი სარდალი იყო, თუმცა გარდაცვალების გამო მას ბრალდება ვერ წაეყენება. მაგრამ, სამი ძირითადი დამნაშავე არის და საქმე დაიხურა. ეს, ფაქტობრივად, იმას ნიშნავს, რომ აგვისტოს ომის პერიოდში საქართველოს შეიარაღებულ ძალებს და პოლიტიკური ხელისუფლების წარმომადგენლებს არცერთი ისეთი სახის დანაშაული არ ჩაუდენიათ, რომელიც შეიძლება, ჰუმანიტარული სამართლის დარღვევად, კაცობრიობის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯად იყოს ჩათვლილი. შესაბამისად, აქედან გამომდინარე ჰააგის საერთაშორისო სამართლი ტრიბუნალმა კონკრეტული დასკვნა გამოიტანა იმაზე, რომ საქართველო საკუთარი ტერიტორიის ფარგლებში მომხდური აგრესორის წინააღმდეგ სამართლიან ომს აწარმოებდა.  მინდა, გითხართ, რომ ჰააგის ტრიბუნალი კონკრეტული ლიდერის, პიროვნების მიერ ჩადენილ დანაშაულებს იძიებს. მაგალითად, წინა კვირის განმავლობაში ჰააგის ტრიბუნალმა კოსოვოს ე.წ. განმათავისუფლებელი არმიის ერთ-ერთი სამხედრო მაღალჩინოსანს კოსოვოში ჩადენილი დანაშაულების გამო განაჩენი გამოუტანა.

აგვისტოს ომის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ იმის დადასტურებაა, რომ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ ომი არ დაუწყია, შესაბამისად ჩვენს მიერ გადადგმული ნაბიჯები აბსოლუტურად ადეკვატური იყო იმ სამხედრო საფრთხეების თავიდან ასაცილებლად, რომელიც აგვისტოს ომის პერიოდში მოდიოდა. შესაბამისად, ეს საერთაშორისო დონეზე საკმაოდ სერიოზული სამართლებრივი სახის გამარჯვებაა. აგვისტოს ომის სამართლებრივი ბლოკი დახურულია. შესაბამისად, განაჩენიც გამოტანილია სამი დამნაშავის მიმართ, რომლებიც სეპარატისტული რეჟიმის „ლიდერშიფს“ წარმოადგენენ“ – განაცხადა მაისაიამ.

შეგახსენებთ, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის, კარიმ ხანის განცხადებით, აგვისტოს ომის საქმეზე გამოძიების ეტაპი დასრულდა.

„გამოძიების შედეგად, 2022 წლის 30 ივნისს პირველმა წინასასამართლო პალატამ სამი ეჭვმიტანილი პირის დაპატიმრების ორდერები გამოსცა. ესენია: ბ-ნი მიხაილ მაირამოვიჩ მინძაევი, ბ-ნი გამლეტ გუჩმაზოვი და ბ-ნი დავიდ გეორგიევიჩ სანაკოევი. ჩემ მიერ წარდგენილი ბრალდებები, რომელთა მიმართებაშიც გაიცა დაპატიმრების ორდერები, ეხება, კერძოდ, რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული ოკუპაციის კონტექსტში ეთნიკურად ქართველი მშვიდობიანი მოსახლეობის თავისუფლების უკანონო აღკვეთას, წამებას, სასტიკ მოპყრობას, მძევლად აყვანასა და, შემდგომში, მათ უკანონო გადაადგილებას. გამოძიებისას ასევე გამოიკვეთა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალ-მაიორის, ამჟამად გარდაცვლილი ბ-ნი ვიაჩესლავ ბორისოვის, სავარაუდო როლიც, რომელსაც აღნიშნული მოვლენების დროს საჰაერო-სადესანტო ძალების მეთაურის მოადგილის თანამდებობა ეკავა და რომელმაც, სავარაუდოდ, განზრახ შეუწყო ხელი ზოგიერთი ამ დანაშაულის ჩადენას.

შემიძლია დავადასტურო, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმეების გარდა, ჩემი ოფისი აღარ გააგრძელებს გამოძიებას ახალი მიმართულებით საქართველოს სიტუაციის ფარგლებში სხვა პირთა სავარაუდო სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობასთან ან სხვა ქმედებებთან დაკავშირებით. შესაბამისად, ვინაიდან გარემოებები არსებითად არ შეცვლილა, საქართველოს სიტუაციის გამოძიების ეტაპი დასრულდა.

თუმცა, ჩვენი მუშაობა საქართველოს სიტუაციასთან დაკავშირებით არ დასრულებულა. ჩემი ოფისი აგრძელებს და გააგრძელებს თავისი ძალისხმევის მიმართვას დაპატიმრების ორდერის ადრესატების სამართალში მისაცემად“ – ნათქვამია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები