რა ჩაიფიქრა პუტინმა – ანდრეი ილარიონოვის ექსკლუზიური ინტერვიუ “კვირასთან” და საგანგაშო პროგნოზი
თეთრად გადაღებილი სამხედრო ავტომანქანების კოლონა. მიმართულება – უკრაინა. დანიშნულება – ჰუმანიტარული მისია. ტვირთის წონა – 2000 ტონა (კრემლის ოფიციალური ინფორმაცია). სულ – 280 ავტომობილი. ჟურნალისტები უკრაინის ტერიტორიაზე შესული რუსული “ჰუმანიტარული” ტვირთის გადაღებას ახერხებენ. ავტომანქანები ნახევრად ცარიელია. არადა, 2000-ს 280-ზე თუ გავყოფთ, გამოდის, რომ ერთ სატვირთო მანქანაზე 7 ტონა ტვირთი უნდა დატეულიყო. რეალურად, კი აქ თითო ტონაც არ აღმოჩნდა. პირველადი, რადიკალური განცხადებების მიუხედავად, უკრაინის ხელისუფლებამ რუსეთიდან გაგზავნილი ტვირთი ჰუმანიტარულ დახმარებად მაინც აღიარა. რასთან გვაქვს საქმე?
“ძალიან საეჭვო და ორაზროვანი საკითხი”, – ასე შეაფასა უკრაინის დასახმარებლად რუსეთის ფედერაციის მიერ გაგზავნილი ცარიელი ჰუმანიტარული ავტომობილების საკითხი ანდრეი ილარიონოვმა. რუსეთის პრეზიდენტის ყოფილი ეკონომიკური მრჩეველი “კვირასთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში უკრაინის ხელისუფლების მიერ დაშვებულ შეცდომასა და პუტინის ხელისუფლების “ფარულ ჩანაფიქრზე” საუბრობს. ექსპერტს მიაჩნია, რომ კონფლიქტურ რეგიონში ჰუმანიტარული ტვირთის დაშვებით, უკრაინამ სწორედ გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვა, მალე კი, მძიმე შედეგებს მოიმკის. მაინც რა ჩაიფიქრა ამჯერად პუტინმა?
– ბატონო ანდრეი, რა აზრი გაქვთ რუსეთის ჰუმანიტარულ მისიაზე? იმ გავრცელებულ კადრებზე, სადაც ნათლად ჩანს, რომ მანქანები ნახევრად ცარიელია. არადა, რუსეთმა გადმოსცა, რომ აქ 2000 ტონაზე მეტი ტვირთი უნდა ყოფილიყო…
– ის რასაც დღეს პუტინი აკეთებს, აგრესიის სრული ლეგალიზაციაა. ჩემი შეფასება ასეთია: ჩვენ უკვე ბევრჯერ გავხდით იმის მომსწრე, რომ რუსეთის ხელისუფლების ოფიციალურ განცხადებებზე დაყრდნობა, მისი დაჯერება არ შეიძლება. ჰუმანიტარულ ტვირთთან დაკავშირებული ისტორია კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ კრემლი ცრუობს. ვიცით, რომ ფედერალურ ხელისუფლებას უკრაინის მიმართულებით “ჰუმანიტარული ავტოკოლონით” აღმოსავლეთ უკრაინაში მცხოვრებთათვის საკვები პროდუქტები და წყალი უნდა ჩაეტანა… თუმცა, ჩვენ ყველამ ვნახეთ, რომ უკრაინის “დასახმარებლად” რუსეთის მიერ გაგზავნილი ჰუმანიტარული ტვირთის გადამზიდავი ავტომობილები ცარიელი აღმოჩნდა. პრობლემას რომ ჩავუღრმავდეთ, ამ დრომდე, რეალურად არავინ იცის, რა იყო ამ ავტომობილების დახურულ ნაწილებში, არა მხოლოდ საბარგულებში… იქ იყო ელექტრომოწყობილობებიც, რომლის შემოწმებაც არ მომხდარა… არავის შეუმოწმებია ამ მანქანების ეკიპაჟის წევრები, ასევე ტვირთის “გამცილებლები”. არავის უკითხავს, რა სადაზვერვო საქმიანობას ახორციელებდნენ ისინი, რისი დიდი ალბათობაც არსებობს. ჩვენ ასევე არ ვიცით, ამ კონკრეტული ავტომანქანების გარდა, უკრაინის ტერიტორიაზე, საზღვრის სხვა მონაკვეთებიდან შევიდა თუ არა, პარალელურად სხვა კოლონა და რა ტვირთი შეიტანეს იქ (რაც ასევე არ არის გამორიცხული). ჩვენ მედიით მხოლოდ რამდენიმე კადრი გვაჩვენეს. შესაძლოა, მაშინ, როდესაც მსოფლიოს ყურადღება “თეთრი ავტომობილებისკენ” იყო მიმართული, სწორედ მაგ დროს შევიდა კონფლიქტურ რეგიონში სხვა კოლონა, რომელიც, კაცმა არ იცის, რა ტვირთით იყო დატვირთული…ამით კი, სიტუაცია გადაფარეს.
ჩემი აზრით, ეს ძალიან საშიში პრეცედენტია. როდესაც უკრაინის ტერიტორიაზე ტვირთის შეტანაზე რუსეთმა თანხმობა მიიღო, ამით ოფიციალურმა კიევმა ავტომატურად დაუშვა, რომ მსგავსი “საეჭვო” ტვირთები რუსეთ-უკრაინის საზღვარს ახლა უკვე რეგულარულად და ლეგალურად გადაკვეთენ. ეს მოხდება იგივე, კონკრეტულ ადგილზე, ან სხვაგან… არავინ იცის, ვინ და როგორ გააკონტროლებს ამ პროცესს – მეეჭვება, ეს კიევმა შეძლოს. ამ ფორმით, უკრაინის ხელისუფლებამ რუსეთის მიერ მათი საზღვრის კონტროლის ლეგალიზება მოახდინა, რატომ გადადგა უკრაინამ ეს ნაბიჯი, ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია.
– ისევ ჰუმანიტარულ ვითარებასთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ, ე.წ. ოპოლჩენცებმა დაახლოებით 1 თვის წინ მთელი ძალები დონეცკსა და ლუგანსკში გადაისროლეს. ანუ, საბრძოლო მოქმედებები ღია სივრციდან თითქოს შეგნებულად გადაიტანეს მსხვილ ქალაქებში, რითაც საფრთხის ქვეშ დააყენეს ადგილობრივი მოსახლეობა. შედეგად, თითქოს ხელოვნურად შეიქმნა ჰუმანიტარული კატასტროფა… პრინციპში, ბესლანის და ნორდოსტის ავტორებისგან ეს გასაკვირი არ არის…
– ცხადია, ეს სიტუაციაც ხელოვნურად იყო შექმნილი. აქ რუსეთი ერთი და კარგად ნაცნობი სქემით მოქმედებს: თავიდან ის უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე დივერსანტების და ტეროტისტების შეიარაღებას ახდენს, რომლებიც შემდეგ ამ ქვეყნის სამხედრო ძალებს უპირისპირდებიან. მოგვიანებით ირკვევა, რომ ამ სეპარატისტულ ძალებს დამოუკიდებლად შეიარაღებულ კონფლიქტში მოქმედება არ შეუძლიათ. მომდევნო ეტაპი კი, სწორედ რუსეთის სამშვიდობო ძალები”, “ჰუმანიტარული მისიები”, საგანგებო სიტუაციების კოლონებია, რომლებიც კონფლიქტურ რეგიონებში შეჰყავთ, ვითომ დახმარების აღმოსაჩენად. თუმცა, ამ “კეთილშობილური” ქცევის მიღმა, პუტინის ხელისუფლება სეპარატიზმის, ანექსიის და ტერორიზმის ლეგალიზებას ახდენს. რუსეთის ეს ეს სცენარი უკვე კარგად ნაცნობია.. ეს მეთოდი მან ე.წ. სამხრეთ ოსეთში, აფხაზეთსა თუ დნესტრისპირეთშიც გამოიყენა…
– ამ გადმოსახედიდან, როგორია მაინც თქვენი პროგნოზები, როგორ განვითარდება საბრძოლო მოქმედებები უკრაინის აღმოსავლეთით?
– სიტუაცია ასეთია: პუტინი ცდილობს, რომ უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები დაუსრულებლად გაგრძელდეს. ამიტომ, ის ახალისებს ე.წ სეპარატისტებს, ტერორისტებს, რომლებიც რეალურად კონფლიქტურ რეგიონში უკვე ცოტანი დარჩნენ. ახლა ისინი მეტწილად რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ჩაანაცვლეს. უკრაინაში ფედერალური ხელისუფლებიდან ინტენსიურად შედის რუსული სამხედრო ტექნიკაც. მაგალითად, აღმოსავლეთ უკრაინაში ამ სამი დღის წინ, 150 ერთეული ჯავშანტექნიკა და 1500 სამხედრო
მოსამსახურე შეიყვანეს. როგორც უკვე აღვნიშნე, პუტინის ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ ეს საომარი მოქმედებები რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს. ერთადერთი პირობა, რა შემთხვევაშიც კონფლიქტი შეიძლება შეჩერდეს, არის ის, რომ ლუგანსკის და დონეცკის ე.წ თვითგამოცხადებული რესპუბლიკების აღიარება მოხდეს. პუტინი საბრძოლო მოქმედებებს მხოლოდ ამ ანკლავების ლეგალიზაციის შემთხვევაში შეაჩერებს, არ გამოვრიცხავ, რომ დროებით… თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ასეთი ანკლავების შექმნით განმეორდება სიტუაცია, რაც თავის დროზე აფხაზეთში, ე.წ სამხრეთ ოსეთსა თუ დნესტრისპირეთში მოხდა. ჩვენ კარგად გვახსოვს, აწ გარდაცვლილი შევარდნაძე თავის დროზე, იძულებული გახდა, თანხმობა მიეცა საქართველოში რუსი “მშვიდობისმყოფელების” შემოყვანაზე. კარგად ვიცით ის შედეგიც, რითაც ეს ყველაფერი დასრულდა…უკრაინის ხელისუფლებას უნდა ახსოვდეს, რომ აგრესორთან კომპრომისი აგრესიისგან ვერ გაათავისუფლებს. ეს უფრო გაართულებს მის სიტუაციას. ამიტომ ვამბობ, რომ ე.წ. ჰუმანიტარული ტვირთის დაშვებაზე კიევის თანხმობა, უკრაინის დიდი შეცდომა იყო.
უკრაინისთვის დღეს ძალიან მნიშვნელოვანია, საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა, რის მიღწევასაც სეპარატისტების განადგურების გზით ცდილობს, თუმცა ჩვენ ვხედავთ, რომ პუტინი არ აპირებს დანებებას, ის ყველა შესაძლო მეთოდს და გზას მიმართავს და ხშირად ცვლის ტაქტიკას: მათ შორის პირდაპირ, არაპირდაპირ ერევა კონფლიქტში, ასევე არ ერიდება დიპლომატიური ზეწოლას, ტეროტისტულ აქტებს და ასე შემდეგ. ამ ფონზე, ჩემი აზრით, არასახარბიელო პროგნოზი გვაქვს სახეზე.
– რაც შეეხება ანტერორისტულ ოპერაციას, როგორ შეაფასებდით თქვენ მის მოქმედებებს და რამდენად შეიძლება ეს საბოლოოდ შედეგის მომტანი აღმოჩნდეს?
– ჩვენ ვხედავთ, რომ უკვე რამდენიმე თვეა უკრაინაში ანტიტერორისტული ოპერაცია მიმდინარეობს, მას რა თქმა უნდა, კონკრეტული წარმატებაც ახლავს, ტერორისტების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიები თითქმის სამჯერ შემცირდა, ე.წ ATO-ს ძალები მოწინააღმდეგეს დღემდე საკმაოდ ძლიერ წინააღმდეგობას უწევენ. მათ აქვთ კარგი სამხედრო შეიარაღება, რომელსაც მუდმივად აწვდიან… უკრაინისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს საბრძოლო მოქმედებები ერთ თვეში, მაქსიმუმ თვენახევარში დასრულდეს, რადგან შემდეგ, შემოდგომის მეორე ნახევარი და ზამთარი მოდის, ცივი კლიმატი კი, საბრძოლო მოქმედებებს ძალიან გაართულებს. ამ სიტუაციაში ყველაზე მთავარი კონტროლის აღდგენაა უკრაინა-რუსეთის საზღვარზე. თუმცა, ამ ეტაპზე ასეთი კონტროლი არ არსებობს.
– ევროკავშირისა და ამერიკის სანქციები რუსეთის წინააღმდეგ ძალაში 1 აგვისტოდან შევიდა. სანქციების თანახმად რუსეთის რიგ ბანკებს ევროკავშირის კაპიტალის ბაზართან წვდომა ეზღუდება. რუსეთმა თავის მხრივ, საპასუხოდ აკრძალა სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტი იმ ქვეყნებიდან, რომელთაც რუსეთს ეკონომიკური სანქციები დაუწესეს. თქვენი აზრით, რამდენად ქმედითია ეს საერთაშორისო ზეწოლა და გამოიღებს თუ არა ის კონკრეტულ შედეგებს?
– სამწუხაროდ, მე ამ საკითხს საკმაოდ სკეპტიკურად ვუყურებ. ის ვერანაირად ვერ იქონიებს კრემლის გადაწყვეტილებებზე გავლენას. თავიდანვე ჩანს, რომ ეს სანქციები არაეფექტურია. ის ძალიან მწირია და კონკრეტული კომპანიებისა და პიროვნებების მიმართ არის დაწესებული, შედეგებს ინვესტორები იგრძნობენ, ასევე ის კომპანიები, რომლებიც საერთოდ არ არიან დაკავშირებული „შავ სიასთან“. ამიტომ იმისთვის, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ ის შედეგი მიიღოს, რისთვისაც სანქციებს აწესებს, უფრო მკაცრი და რაც მთავარია, მასშტაბური ნაბიჯები უნდა გადადგას.
ქეთი ხოსიტაშვილი