მამუკა მდინარაძე: ოპოზიციას შევთავაზეთ, სახალხო დამცველობის ხუთი კანდიდატიდან ამოერჩიათ ერთი და მათგან დადებითი პასუხი ვერ მივიღეთ
“ოპოზიციას შევთავაზეთ, სახალხო დამცველობის ხუთი კანდიდატიდან ამოერჩიათ ერთი და მათგან დადებითი პასუხი ვერ მივიღეთ”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ოპოზიციასთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მდინარაძე იმედოვნებს, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები გადააფასებენ მოვლენებს, წინ დააყენებენ სახელმწიფოებრივ ინტერესებს და პოზიციას შეიცვლიან.
„უკვე 8 კანდიდატიდან, რომელიც იყო დასახელებული გამორიცხვის მეთოდით წინა შემთხვევაში, ჩვენ შევთავაზეთ ოპოზიციას, 5 მათგანიდან რომელიმესთვის მაინც დაეჭირათ მხარი. ჩვენი მხრიდან დაშვებული იყო კომპრომისი, რომ ამოერჩიათ 5-დან რომელიმე ერთი, რომელიც მათ სურდათ. თუმცა მათი კატეგორიული პოზიცია გახლავთ ის, რომ მათ მიერ წარმოდგენილი 2 კანდიდატის გარდა ისინი რომელიმე სხვა კანდიდატს მხარს არ დაუჭერენ. ჩვენ ვეუბნებით, რომ ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი ამოსავალი წერტილი არის პოლიტიკური მიუკერძოებლობა. ვიცით, რომ მათ მიერ წარმოდგენილი ორი კანდიდატებიდან ამ შესაძლებლობის დაშვება არის გამორიცხული. მათ შორის გარკვეული უხერხული მომენტები არის კოლეგის, იაგო ხვიჩიას მიმართაც, თუმცა ძნელი წარმოსადგენია, რომ პოლიტიკური პარტიის ლიდერი მოახერხებს პოლიტიკურ მიუკერძოებლობას. აქედან გამომდინარე დარჩა 5 კანდიდატი, სადაც ჩვენ გვაქვს პოლიტიკური მიუკერძოებლობის ზედმეტ-ნაკლები გარანტია და შევთავაზეთ, რომ ამოერჩიათ ამ ხუთიდან ერთ-ერთი. ამაზე დადებითი პასუხი ვერ მივიღეთ. გვრჩება იმედი, რომ კიდევ ერთხელ გადააფასონ მოვლენები, წინ დააყენონ რეკომენდაციების შესრულების უპირატესი სახელმწიფოებრივი ინტერესი და დაბრუნდნენ შეცვლილი პოზიციით, თუმცა ეს თუ არ მოხდა, რა თქმა უნდა, არსებობს ჩავარდნის საფრთხე და შემდეგ გვეყოლება მოსაძებნი ახალი კანდიდატები. ჩვენ არცერთ ცალკე აღებულ კანდიდატს მხარს არ ვუჭერთ და ვეუბნებით, რომ ნეიტრალურ კანდიდატებში ამოირჩიონ ვინც უნდათ“, – აცხადებს მდინარაძე.