არჩილ თალაკვაძე: სტრასბურგში საქართველოს წინააღმდეგ შესული იყო 3000-ზე მეტი საჩივარი და რატი ბრეგაძის დამსახურებაა ის, რომ სწორედ ჩვენი ხელისუფლების დროს იყო მოგებული უკლებლივ ყველა საქმე
“სტრასბურგში საქართველოს წინააღმდეგ შესული იყო 3000-ზე მეტი საჩივარი და რატი ბრეგაძის დამსახურებაა ის, რომ სწორედ ჩვენი ხელისუფლების დროს იყო მოგებული უკლებლივ ყველა საქმე”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.
“ჩემ მიერ გაწეული სამუშაო რა მოსატანია იმასთან შედარებით, რაც გააკეთა იუსტიციის სამინისტრომ, პროკურორებმა, სუს-მა და მაშინდელმა ომბუდსმენმა, სოზარ სუბარმა, თუმცა, ჩვენი ოფისი, სახალხო დამცველის ოფისი, გახლდით 22 სოფელში, საომარ ზონაში. მე თვალწინ მიდგას და ცხადად შემიძლია გავიხსენო სიტუაცია, რომელიც მაშინ აღვწერეთ და შევაგროვეთ ოფიციალური მტკიცებულებები, თუ როგორი დევნა მიმდინარეობდა მოქალაქეების მიმართ. ძალიან ბევრი გარდაცვლილი იყო, ბევრს არ ეძლეოდა მედიკამენტები, არ იყო საკვები. ძალიან ბევრი ადამიანი ოჯახებს დროებით სარდაფებში ჰყავდათ დაკრძალული. ეს ყველაფერი, ძალადობის კვალი, რაც იყო 22 სოფელში, აღვწერეთ და ოფიციალური ანგარიშის სახით გამოვეცით. რატომღაც, ეს ანგარიში გამქრალია ომბუდსმენის გვერდიდან. ყოველთვის იყო წლების განმავლობაში, სხვა ანგარიშებთან ერთად, და, სამწუხაროდ, ახლა აღარ არის, თუმცა ეს არაფერს ცვლის. ეს ანგარიში გაგზავნილია სტრასბურგშიც და ჰააგაშიც, იქ დეტალურად იყო აღწერილი, თუ რა დანაშაულებს ჰქონდა ადგილი სოფლებში და როგორი იყო ძალადობის და ომის კვალი. სამწუხაროდ, ვერ მოვახერხეთ სხვა სოფლებში შესვლა, ჰუმანიტარულ მისიებთან ერთად შევდიოდით და რთული იყო დე ფაქტო კონტროლის გავლა. სტრასბურგში საქართველოს წინააღმდეგ შესული იყო 3000-ზე მეტი საჩივარი და რატი ბრეგაძის დამსახურებაა ის, რომ სწორედ ჩვენი ხელისუფლების დროს იყო მოგებული უკლებლივ ყველა საქმე“, – აცხადებს თალაკვაძე.