“არავითარი მოლაპარაკებები, სანამ რუსეთი უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან არ გავა” – რიში სუნაკი

ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, რიში სუნაკმა რიგაში, გაერთიანებული საექსპედიციო ძალების (JEF) წევრი ქვეყნების ლიდერებთან საუბრისას პირობა დადო, რომ 2023 წელს შეინარჩუნებს ან გადააჭარბებს უკრაინის სამხედრო დახმარების მოცულობას.

„ამ მაგიდის გარშემო შეკრებილი ყველა ჩვენგანი უკრაინის უახლოესი მეგობრები და მოკავშირეები ვართ. ამ დრომდე, მათ მხარდაჭერაში წამყვან როლს ვასრულებდით და ვიცი, რომ ასე გავაგრძელებთ. ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ სამი პრიორიტეტი, როდესაც მომავალ წელზე ვფიქრობთ. პირველი არის მეტი სამხედრო დახმარების უზრუნველყოფა და ეს სამხედრო დახმარება განვითარდეს იმ სიტუაციის მიხედვით, რომელსაც ჩვენ ვაწყდებით. ეს ნიშნავს მეტ საჰაერო თავდაცვის სისტემა, ეს ნიშნავს მეტ არტილერიას და ეს ნიშნავს მეტ ჯავშანტექნიკას. ჩვენი მხრივ, გაერთიანებულ სამეფოში, ჩვენ ვალდებულება ავიღეთ 2,3 მილიარდ ფუნტამდე (დაახლოებით, 2,8 მილიარდი დოლარი) მიწოდებული დახმარების ოდენობა, მომავალ წელს შევინარჩუნოთ ან გავზარდოთ და მე დიდი იმედი მაქვს და მოვუწოდებ სხვებს, რომ ძლიერი მხარდაჭერის გასაგრძელებლად ყველაფერი გააკეთონ”, – თქვა სუნაკმა.

რაც შეეხება რუსეთის მოწოდებას ომის შეწყვეტის შესახებ, ბრიტანეთის პრემიერმა თქვა, რომ “ამჟამინდელ ვითარებაში ეს სრულიად უაზრობაა”.

მისი თქმით, რუსეთის მხრიდან ასეთი მოწოდება ყალბი იქნებოდა.

„რუსეთი მას იყენებს გადაჯგუფებისთვის, ჯარების გასაძლიერებლად და სანამ ისინი არ დატოვებენ ოკუპირებულ ტერიტორიებს, არ შეიძლება და არ უნდა იყოს რეალური მოლაპარაკებები“, – განმარტა სუნაკმა.

მისი თქმით, “ჩვენი კოლექტიური გადაწყვეტილება ნათელია, ჩვენ მხარს ვუჭერდით და გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას. და ეს, პირველ ყოვლისა, იმიტომ ხდება, რომ მათი უსაფრთხოება ჩვენი უსაფრთხოებაა”.

რიგაში JEF-ის შეხვედრას ესწრებოდნენ დანიის, ფინეთის, ესტონეთის, ისლანდიის, ლატვიის, ლიეტუვის, ნიდერლანდების, შვედეთის, ნორვეგიისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერები. შეხვედრის მონაწილეებს ასევე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები