ბექა ძამაშვილი: ჰააგის გადაწყვეტილებას ვულოცავ სრულიად საქართველოს და განსაკუთრებით ჩვენს გმირ სამხედროებს, რომელთა გმირობის შედეგია ის, რაც დღეს დადგა
„ჰააგის გადაწყვეტილებას მივულოცავ სრულიად საქართველოს და განსაკუთრებით ჩვენს გმირ სამხედროებს, რომელთა გმირობის შედეგია ის, რაც დღეს დადგა და ჩვენი ვალი იყო სწორედ სამართლებრივი გზებით გაგვეგრძელებინა და ბოლომდე მიგვეყვანა ეს სამართლებრივი ომი, რომელიც 2008 წელს დაიწყო”, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ბექა ძამაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს 2008 წლის ომის შესახებ სამართლებრივ დავაში ბრძოლა მინუსებიდან მოუწია.
“როდესაც 2008 წლის ომის შემდგომ საერთაშორისო სასამართლოებში დაიწყო საქმის წარმოება, მნიშვნელოვანი იყო, რომ ერთი მხრივ გამოკვეთილიყო რუსეთის ფედერაციის, როგორც სახელმწიფოს პასუხისმგებლობა და ჩვენ ამ მიზანს მივაღწიეთ სტრასბურგის სასამართლოში. ასევე, მნიშვნელოვანი იყო, რომ საქართველოს, როგორც სახელმწიფოს პასუხისმგებლობა არ დადგენილიყო არცერთ საქმეში და საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ 3300-მდე საჩივარი იყო რუსეთის კოორდინაციით საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი და ჩვენ წელს ყველა მოვიგეთ. რაც შეეხება ჰააგის პროცესს, აქ საუბარი იყო კონკრეტული ინდივიდების პასუხისმგებლობაზე და საბოლოოდ, პარასკევის გადაწყვეტილებით, ეს ფაზა დაიხურა სუფთად და არ დადგინდა არავის ბრალეულობა. ჩვენი აქტიური მუშაობის შედეგად, 2008 წლის ომზე პასუხისმგებლობა ორივე სასამართლოში რუსეთის ფედერაციასა და მის დაქვემდებარებაში მყოფ პირებს დაუდგა და არ გამოკვეთილა არცერთი, საქართველოს დაქვემდებარებული, მოქმედი პირის პასუხისმგებლობა. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ შედეგი ყველაფერზე მეტყველებს. მაშინ, როდესაც მტკიცებულებების შეგროვებაზე ვმუშაობდით და, მათ შორის, ურთიერთობა გვქონდა მოქმედ თუ ყოფილ სამხედროებთან, ტელევიზიით გარკვეული ბრალდებები ისმოდა, რაც სირთულეებს ქმნიდა, რომ ინფორმაცია და მტკიცებულებები სათანადოდ ამოგვეღო. სამწუხაროა ის, რომ საქართველომ 2008 წელს საინფორმაციო ომი წააგო და საუბარი იყო არა მხოლოდ რუსეთის, არამედ, საქართველოს მხრიდანაც დარღვევებზე. ამის გამო, ჩვენი პარტნიორები ცდილობდნენ მაქსიმალურად ნეიტრალური პოზიცია დაეჭირათ, რის გამოც არ გვქონია მხარდაჭერა თუნდაც მტკიცებულებების შეგროვების პროცესში და ეს გულისხმობდა იმას, რომ როდესაც ჩვენ სამართლებრივ ბრძოლაში ჩავერთეთ, საქართველოს მინუსებიდან მოუწია ბრძოლა. ჩვენ სიმართლის დამტკიცებასთან ერთად ფაქტების გაბათილებაც გვიწევდა. შექმნილი რეალობა, რომელიც წაგებულმა საინფორმაციო ომმა გამოიწვია და ის დოკუმენტაცია, რაც საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშები იყო, ამის შემობრუნებაც უწევდა საქართველოს, რაც ძალიან რთული იყო“, – აღნიშნა ძამაშვილმა.