დავით სონღულაშვილმა სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები ისრაელის „კარასო ჯგუფის” მფლობელთან განიხილა
სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები იყო განხილვის მთავარი თემა დღეს დავით სონღულაშვილსა და ისრაელის „კარასო ჯგუფის” მფლობელ მოშე კარასოს შორის.
პარლამენტის ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ სტუმარს ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და ხაზი გაუსვა საქართველოში ისრაელის კერძო კომპანიების ჩართულობის მნიშვნელობას.
შეხვედრის მონაწილეებმა მომავალში მჭიდრო თანამშრომლობისთვის სრული მზადყოფნა გამოხატეს. შეხვედრას, ასევე ესწრებოდა საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის პრეზიდენტი, ისრაელის სახლის დამფუძნებელი იციკ მოშე. „კარასო ჯგუფი” ისრაელში 90 წელია არსებობს და ერთ-ერთ წამყვან ბიზნეს ჯგუფს წარმოადგენს. მასში გაერთიანებულია სატრანსპორტო, უძრავი ქონების, საბანკო-საფინანსო, სადაზღვევო, სალიზინგო და სხვა სფეროები.