რუსეთი უკრაინაში გაჭიანურებული ომისთვის ემზადება და ნატოში უკრაინის მხარდამჭერებმა იარაღის გაგზავნა უნდა განაგრძონ მანამ, სანამ პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი არ გააცნობიერებს, რომ ბრძოლის ველზე ვერ გაიმარჯვებს, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
მისი თქმით, არ არსებობს არანაირი ნიშანი იმისა, რომ პუტინმა „უარი თქვა თავის საერთო მიზანზე – უკრაინის კონტროლზე“.
„ჩვენ სათანადოდ უნდა შევაფასოთ რუსეთი. რუსეთი გრძელვადიან ომს გეგმავს. ვხედავთ, რომ ისინი მეტი ძალების მობილიზებას ახდენენ, მზად არიან დიდი დანაკარგებისთვის, უფრო მეტ იარაღსა და საბრძოლო მასალაზე წვდომის მოპოვებას ცდილობენ. უნდა გვესმოდეს, რომ პრეზიდენტი პუტინი მზად არის ამ ომში დიდი ხნით იყოს და ახალი შეტევები დაიწყოს“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
როგორც მან აღნიშნა, პუტინის მიზანია, რომ უკრაინის მიმართ ნატოს მხარდაჭერაა შეაჩეროს, მაგრამ ამას ვერ შეძლებს.
„დიდი ალბათობით, ეს ომი დასრულდება მოლაპარაკების მაგიდასთან, როგორც ომების უმეტესობა, მაგრამ ნებისმიერმა გამოსავალმა უნდა უზრუნველყოს უკრაინის, როგორც სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფოს გამარჯვება. ამის მიღწევის ყველაზე სწრაფი გზა სამხედროების მხარდაჭერაა, რათა პრეზიდენტმა პუტინმა გაიგოს, რომ ბრძოლის ველზე ვერ გაიმარჯვებს“, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.