ჰააგის სასამართლოს პროკურორის გადაწყვეტილება ჩვენი ქვეყნის ხელისუფლების, საზოგადოების კიდევ ერთი წარმატებაა საერთაშორისო ასპარეზზე, სიმართლისთვის ბრძოლაში, – ასე ეხმიანება პარლამენტის ვიცესპიკერი, არჩილ თალაკვაძე ჰააგის სასამართლოს მთავარი პროკურორის კარიმ ხანის განცხადებას, რომლის მიხედვითაც აგვისტოს ომის საქმეზე გამოძიების ეტაპი დასრულდა.
თალაკვაძის თქმით, სტრასბურგისა და ჰააგის სამართლებრივი გადაწყვეტილებები დაეხმარება საქართველოს, რომ აღადგინოს ტერიტორიული მთლიანობა.
„ჰააგის სასამართლოს პროკურორის გადაწყვეტილება ჩვენი ქვეყნის ხელისუფლების, საზოგადოების კიდევ ერთი წარმატებაა საერთაშორისო ასპარეზზე სიმართლისთვის ბრძოლაში. ჩვენმა ხელისუფლებამ გააკეთა ყველაფერი, რომ ეს სამართლიანი გადაწყვეტილება დამდგარიყო, რაც დღეს საჯაროდ გახდა ცნობილი. მინდა, მადლობა გადავუხადო იუსტიციის სამინისტროს, განსაკუთრებით – იუსტიციის ყოფილ მინისტრს, თეა წულუკიანს და ჩვენს პროკურორებს, რომლებმაც ძალიან ბევრი იმუშავეს იმისთვის, რომ ასეთი გადაწყვეტილება დამდგარიყო. სტრასბურგში რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ საქმის მოგების შემდეგ, ეს უდავოდ გახდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, წარმატება სიმართლისთვის ბრძოლაში. სიმართლე არის ჩვენს, საქართველოს მხარეს და მე დარწმუნებული ვარ, ეს საერთაშორისო სამართლებრივი გადაწყვეტილებები ჯერ სტრასბურგში, შემდეგ კი, ჰააგაში დაეხმარება საქართველოს, რომ აღადგინოს თავისი ტერიტორიული მთლიანობა. ამ გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რასაც ვამბობდით, რომ საერთაშორისო სამართლის მიხედვით ყველა არგუმენტი საქართველოს მხარეს არის. სიმართლე არის ჩვენს მხარეს და ყოველთვის მჯეროდა, რომ ამ სიმართლის დამტკიცება შესაძლებელი იყო. ძირითადი უდიდესი სამუშაო ამ მიმართულებით ჩატარდა ჩვენი ხელისუფლების პირობებში. ჰააგაში ამ გამოძიების მასალებს თან ერთვოდა საქართველოს მაშინდელი ომბუდსმენის, სოზარ სუბარის და მისი ოფისის მიერ მოპოვებული მასალები. მათ შორის მეც, როდესაც პირადად გახლდით აგვისტოს ომის დღეებში ომის ზონაში, 22 სოფელში იქ შეგროვებული ინფორმაცია ჰუმანიტარული პირობების, ადამიანების მკვლელობების და მათი დევნის შესახებ. სპეციალური ანგარიში, რომელიც სოზარ სუბართან ერთად, მაშინ მისმა ოფისმა მოვამზადეთ, თან ერთვოდა ამ საგამოძიებო მასალებს. ჩვენ გვჯეროდა, რომ სიმართლე აუცილებლად იქნებოდა აღიარებული“, – განაცხადა თალაკვაძემ.