პაპუაშვილი – სამნიძეს: თქვენი საქციელი სამარცხვინოა, მანდატურს მივმართავ – აეფარეთ წინ, რომ ქალბატონი ხათუნა დამშვიდდეს
ქალბატონო ხათუნა [სამნიძე], თქვენი საქციელი სამარცხვინოა. მანდატურს მივმართავ – აეფარეთ წინ, რომ ქალბატონი ხათუნა დამშვიდდეს, – ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე, „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარეს, ხათუნა სამნიძეს მას შემდეგ, რაც იუსტიციის მინისტრის მიერ პარლამენტის ტრიბუნიდან, წინა ხელისუფლების დროს ერთ-ერთი ნაწამები პატიმრის შესახებ განჩინების წაკითხვას ოპოზიციონერი დეპუტატების მხრიდან ხმაური მოჰყვა.
პაპუაშვილმა სამნიძე გააფრთხილა, თუ მისი ნებართვის გარეშე საუბარს კიდევ ერთხელ დაიწყებს, სხდომათა დარბაზს დაატოვებინებს.
„ქალბატონო ხათუნა, ბოლო შენიშვნას გაძლევთ – ახლა რასაც აკეთებთ, პარლამენტის უპატივცემულობაა. 4 მანდატური დგას თქვენთან, პატივი ეცით საკუთარ თავს მაინც. მანდატურს მივმართავ – აეფარეთ წინ, რომ ქალბატონი ხათუნა დამშვიდდეს. ქალბატონო ხათუნა, თქვენი საქციელი სამარცხვინოა. როგორც კი მიკროფონის და ჩემგან ნებართვის გარეშე დაიწყებთ საუბარს, დაგატოვებინებთ დარბაზს.
ემოციების გარეშე მოუსმინეთ ამ ყველაფერს. ქალბატონო ხათუნა. თქვენ თუ გაინტერესებთ სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლები, უნდა ჩამოყალიბდეთ, სად დგახართ. ფარისევლური ემოციების გამოხატვა, პანიკის მოწყობა და მსხვერპლების სახელით საუბარი საჭირო არაა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.