აფხაზმა ბლოგერმა, რომელსაც საოკუპაციო რეჟიმმა “ღალატისთვის” წაუყენა ბრალი, საქართველოს მოქალაქეობა მიიღო
აფხაზმა ბლოგერმა, დაურ ბუავამ, რომელსაც ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება სახელმწიფოს ღალატში ადანაშაულებდა, საქართველოს მოქალაქეობა მიიღო. ამის შესახებ ონლაინგამოცემა “ჩვენი აფხაზეთი” წერს.
ბუავას თქმით, მან საქართველოს მოქალაქეობა გამარტივებული წესით მიიღო და იანვრიდან ეს ფორმა კიდევ უფრო გამარტივდება ოკუპირებული ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანებისთვის.
„ოფიციალური თბილისი აფხაზ ხალხს თავის თანამოქალაქეებად მიიჩნევს და ეს ეხება სამაჩაბლოსაც. მოქალაქეობის მისაღებად აუცილებელია, შეაგროვოთ ვინაობის დამადასტურებელი დოკუმენტების მცირე პაკეტი“, – ამბობს ბლოგერი.
დაურ ბუავა გასული წლის შემოდგომიდან თბილისში ცხოვრობს. ის ახალგაზრდული მოძრაობა „ამრას“ ერთ-ერთი დამფუძნებელია.
ბუავას წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებას საფუძვლად მისი Tiktok-ის ანგარიში დაედო.
დე ფაქტო აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიაჩნიათ, რომ მისი ვიდეოები მიმართულია „რესპუბლიკის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და თავდაცვის შესაძლებლობების საზიანოდ“.