საარჩევნო ადმინისტრაციის ინსტიტუციური გაძლიერების პროცესი გრძელდება
ცენტრალური საარჩევნო კომისიისა (ცესკო) და სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის ინსტიტუციური გაძლიერების მიზნით სტრუქტურული ცვლილებები განხორციელდა. ტექნოლოგიურმა განვითარებამ, საარჩევნო რეფორმამ და ინსტიტუციურმა ანალიზმა უწყება ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა, რამაც გარკვეული სტრუქტურული ცვლილებების აუცილებლობა გამოკვეთა, – ამის შესახებ ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.
მათივე ცნობით, საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარება ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით იგეგმება. შესაბამისად, საარჩევნო ადმინისტრაციამ მთელი ძალისხმევა უნდა მიმართოს საქართველოში ელექტრონული არჩევნების მაღალპროფესიულ დონეზე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩასატარებლად. ამასთან, 2023 წლის აპრილის თვეში გასამართ შუალედურ/რიგგარეშე არჩევნებზე იგეგმება ტექნოლოგიების გამოყენებით საპილოტე პროექტის განხორციელება.
აღნიშნული მოითხოვს მასშტაბურ სამუშაოს, რომელიც მოიცავს ინსტიტუციის მხრიდან სათანადო სტრატეგიულ დაგეგმარებასა და აღსრულებას. მათ შორის საარჩევნო მოხელეების და ჩართული მხარეების სწავლებას, ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანიის წარმოებას და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს. სტრატეგიული დაგეგმარების პროცესში გამოიკვეთა რამდენიმე პრიორიტეტული საკითხი. ახალმა გამოწვევებმა ცხადი გახადა უწყების საქმიანობაში რამდენიმე მიმართულების გაძლიერების აუცილებლობა. მათ შორის, სტრატეგიული დაგეგმარების, სტრატეგიული კომუნიკაციების, საინფორმაციო ტექნოლოგიების და შრომის უსაფრთხოების მიმართულებებით. ასევე გამოიკვეთა სწავლების მონიტორინგის და სერტიფიცირების კომპონენტის გაძლიერების საჭიროება. ზოგადად საარჩევნო ადმინისტრაციის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს ელექტრონული სერვისებისა და ტექნოლოგიების განვითარება.
შესაბამისი სერვისების განვითარებამ აჩვენა, რომ გარკვეული ფუნქციების განხორციელება აღარ არის რელევანტური. არსებული გამოწვევებისა და საჭიროებების გათვალისწინებით პრიორიტეტული გახდა სხვა მიმართულებების გაძლიერება. ინსტიტუციურმა ანალიზმა აჩვენა, რომ საჭირო იყო ცესკოს აპარატში ფუნქციების და ადამიანური რესურსის ახლებური გადანაწილება, რომელიც უზრუნველყოფდა დასახული ამოცანების შესრულებას. აღნიშნულიდან გამომდინარე განხორციელდა ცვლილებები, რომლებიც განაპირობებს სტრუქტურის ოპტიმიზაციას საარჩევნო ადმინისტრაციის მომავალი საჭიროებების გათვალისწინებით, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ინსტიტუციის განვითარებას, გაძლიერებას, თანამშრომელთა საქმიანობებში ჩართულობის ხარისხის გაზრდასა და მართვის ეფექტიანობას.