“ევროპარლამენტის გუშინდელ რეზოლუციას აქვს ჩალის ფასი. ჩალას კი არანაირი გადაფარვა არ სჭირდება. ჩალას სიმძიმე და წონა ვერ ექნება, როგორც უნდა შეფუთო”, – ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ კითხვას, მიხეილ სააკაშვილის კადრები ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციის გადასაფარად ხომ არ გასაჯაროვდა.
რაც შეეხება თავად რეზოლუციას, კობახიძის თქმით, ის, რომ რეზოლუციის შესწორებულ ვარიანტს მხარი თავად დოკუმენტის მომხსენებელმაც არ დაუჭირა, ანომალიაა.
„სრული ანომალიაა, ასე არასდროს ხდება, რაც აჩვენებს პარადოქსულ ვითარებას, რომელიც ამ დოკუმენტის გარშემოა შექმნილი. როდესაც მომხსენებელი თვითონ არ ეთანხმება ცვლილებით წარმოდგენილ საკუთარ მოხსენებას, ეს აჩვენებს იმას, რომ ევროპარლამენტში ძალიან მძიმე ვითარებაა. ცოტა ხნის წინ გასკდა სკანდალი, რომელიც კორუფციას უკავშირდებოდა და ეს დოკუმენტიც კორუფციის კიდევ ერთი გამოვლინებაა. რეზოლუცია, რომელიც ევროკავშირმა დაამტკიცა, დაკავშირებულია კორუფციულ პრობლემებსა და ოლიგარქიულ გავლენებთან, რომლებიც აშკარად შეინიშნება ევროპარლამენტში. ეს არის სერიოზული პრობლემა და მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირის ხელმძღვანელობამ სერიოზულად შეხედოს პრობლემას, რომელიც ამ ინსტიტუტში იკვეთება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.