გოგა ხაინდრავა სააკაშვილზე: რაც დღეს ვნახე, ეს ფილმში მაქვს გადაღებული, არაფერი ახალი არ არის, ზუსტად ისე იქცეოდა პრეზიდენტობის დროს

რაც მე ვნახე, ეს ფილმში მაქვს გადაღებული, არაფერი ახალი არ არის. ზუსტად ისე იქცეოდა [მიხეილ სააკაშვილი] პრეზიდენტობის დროს. მე მასთან ერთად არაერთხელ ვარ ნამყოფი, ასეთი ფსიქიკის პატრონი იყო ყოველთვის, – ამის შესახებ კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ პენიტენციური სამსახურის მიერ გასაჯაროებულ კადრებზე საუბრისას გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილი მძიმე ავადმყოფია და დასკვნა მისი ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ ექვსმა ექიმმა ჯერ კიდევ მისი პრეზიდენტობის დროს დადო.

„ეს ადამიანები, ვინც იციან, რას წარმოადგენს სააკაშვილი და იყენებენ მას, როგორც იარაღად საკუთარი კეთილდღეობის ასაწყობად, 1500 კაცია მასთან ნამყოფი, არცერთმა არ თქვა – დაანებეთ ამ კაცს თავი. ის ახლა სტრესშია, მისთვის ამ დახურულ სივრცეში ყოფნა აბსოლუტურად წარმოუდგენელია, მით უმეტეს იმ პირობებში, რასაც მიჩვეული იყო – მისი ყველა მოთხოვნა იყო დაკმაყოფილებული, რაც უნდოდა აკეთებდა. იმ ადამიანებს, ვინც მის გარშემო არიან, ვინც იქ დადიან და უყურებენ, ხომ ხედავენ რა დღეშია? არცერთს მოუნდა იმის თქმა, რომ დავანებოთ ამ კაცს თავი. დავინახეთ რა დღეშიცაა, ეს ყველაფერი არის ცუდად შესრულებული, ზელენსკი ბევრად უფრო ნიჭიერი [შემსრულებელია], აბა რა არის ეს საწოლიდან გადმოხტომები?!

ამას სხვა პატიმრები ხომ უყურებენ, ოროთახიანი ლუქსი, ტელევიზორი, ყოველ წუთში ვიღაც ემსახურება. ეს პატიმრობა არ არის. ასეთ პირობებში არ არიან, რაშიც ისაა. ის ფსიქიკურად რომ არ არის ნორმალური, დიდი ხანია ცნობილია, ამიტომ ვიმეორებ, რომ აქ კითხვის ნიშნები არ არსებობს. მაგრამ მის გარემოცვას ადამიანობის ნასახი არ გააჩნია, ხედავენ რა დღეშია და ყველაფერს აკეთებენ, რომ მისი მდგომარეობა გამოიყენონ“, – განაცხადა ხაინდრავამ.

შეგახსენებთ, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ვიდეოკადრები გაასაჯაროვა, რომელიც ასახავს სხვადასხვა პერიოდში პატიმარ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები