ნიკოლოზ სამხარაძე: ევროპარლამენტის ანგარიშის პირველადი ვერსია, რომელიც სრულიად დაცლილი იყო ანგაჟირებული, პოლიტიკური ჩანაწერებისგან და ობიექტურ რეალობას ასახავდა, იყო ძალიან კარგი

“ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ და კიდევ ერთხელ ვამბობთ, რომ ამ ევროპარლამენტარების მხრიდან ჩვენ უკვე მიჩვეული ვართ იმას, რომ ისინი საერთოდ უგულებელყოფენ ფაქტებს – საკუთარი აღქმებით ხელმძღვანელობენ”, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნიკოლოზ სამხარაძე ევროპარლამენტის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მიღებულ ყოველწლიურ ანგარიშის შეფასებას, რომელშიც რეკომენდაციის სახით, რამდენიმე შესწორება შევიდა.

როგორც მან “იმედის” ეთერში საუბრისას აღნიშნა, ანგარიში პოლიტიკური ანგარიშსწორების საგანი გახადეს.

„ჩვენ გვახსოვს ანგარიშის პირველადი ვერსია, რომელიც წარმოდგენილი იყო მომხსენებლის, სვენ მიქსერის მიერ და ეს პირველადი ანგარიში, რომელიც სრულიად დაცლილი იყო ანგაჟირებული, პოლიტიკური ჩანაწერებისგან და ობიექტურ რეალობას ასახავდა, იყო ძალიან კარგი, ძალიან დაბალანსებული, თუმცა ამის შემდეგ პოლიტიკოსებმა, ევროპარლამენტარებმა, რომელთაც ჩვენი საზოგადოება ძალიან კარგად იცნობს და იცნობს, არა მაინცდამაინც დადებითი კუთხით, ამ ადამიანებმა ამ ანგარიშში შეიტანეს შესწორებები და ანგარიშში, რომელიც უნდა ყოფილიყო წმინდა ტექნიკური შესრულებასთან დაკავშირებული ანგარიში გახადეს პოლიტიკური ანგარიშსწორების საგანი. ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ და კიდევ ერთხელ ვამბობთ, რომ ამ ევროპარლამენტარების მხრიდან ჩვენ უკვე მიჩვეული ვართ იმას, რომ ისინი საერთოდ უგულებელყოფენ ფაქტებს, არანაირ ყურადღებას არ აქცევენ ფაქტებს და საკუთარი აღქმებით ხელმძღვანელობენ. შესაძლოა, ეს აღქმებიც არ აქვთ მათ, მაგრამ ამ შემთხვევაში მიზანმიმართულად მუშაობენ იმაზე, რომ დააზიანონ ჩვენი ქვეყნის ევროპული პერსპექტივა და ეს არის ამისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები