შალვა პაპუაშვილმა 100-მდე სტუდენტს ეკონომიკური პოლიტიკის და რეფორმების ბანაკის პროექტის წარმატებით გავლა მიულოცა

საქართველოში მოქმედი უმაღლესი სასწავლებლების 100-მდე სტუდენტმა ეკონომიკური პოლიტიკისა და რეფორმების ბანაკის პროექტში მიიღო მონაწილეობა.

უპრეცედენტო მასშტაბის სტუდენტური პროექტი ახალგაზრდებში, ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური რეფორმების შესახებ ცნობიერების ამაღლებას ისახავდა მიზნად. სტუდენტები გაეცნენ თანამედროვე პროფესიებს; მათ ასევე მიეცათ შესაძლებლობა, პრაქტიკული ცოდნა და საქმიანი უნარ-ჩვევები ქვეყანაში მოქმედ წამყვან ევროპულ კომპანიებში განევითარებინათ. სტუდენტებს ბანაკის წარმატებით დასრულება დღეს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მიულოცა.

„თქვენ ხართ ის თაობა, რომელზეც იქნება პრაქტიკული მუშაობის და საქართველოს ევროკავშირის წევრად გახდომის ყველაზე დიდი ტვირთი. თქვენ უნდა იყოთ ის ხალხი, რომლებიც მომდევნო წლების განმავლობაში იქნებით ჩართული ამ პროცესში კანონშემოქმედებითი, ბიზნესის თუ აღმასრულებელი მხრიდან. თქვენთვის ყველა კარი ღიაა და ეს უკვე თქვენი არჩევანია სად მოძებნით საკუთარ თავს,”  – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა პარლამენტში გამართულ დაჯილდოების ცერემონიალზე.

მისივე განცხადებით, ასეთი პროექტები ახალგაზრდობის ჩართულობით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების ეტაპზე და ჯერი პრაქტიკულ ნაბიჯებზეა, ვინაიდან მთავარი გადაწყვეტილება მიღებულია და საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი.

„ამისთვის, მნიშვნელოვანია, ჩვენ ვიყოთ მზად და მივიღოთ ევროპული ჩარჩო ისე, რომ ქართული სამართლებრივი და ინსტიტუციური გარემო ევროკავშირს დავუახლოოთ”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა და პროექტის ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა.

აღსანიშნავია, რომ ბანაკის პროექტი აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით და პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტთან თანამშრომლობით განხორციელდა. სტუდენტების დაჯილდოების ცერემონიალი პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ინიციატივით გაიმართა.

კომიტეტის ხელმძღვანელმა დავით სონღულაშვილმა სიტყვით მიმართვისას ყურადღება გაამახვილა იმ შესაძლებლობებზე, რომელიც ახალგაზრდებს ამ პროექტმა მისცა და აღნიშნა, რომ უმნიშვნელოვანესია, როდესაც ახალგაზრდებს ეძლევათ საშუალება გააცნობიერონ თუ რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანის ჩართულობა და განსაკუთრებით ახალგაზრდების ჩართულობა რეფორმების პროცესში.

„რადგან თითოეული რეფორმა, რაც ხორციელდება ამ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის, ეს არის თითოეული თქვენგანის მომავლისთვის. ჩვენ თუ რამეს ვქმნით, რამე იგეგმება და ხორციელდება, ეს არის თითოეული თქვენგანის უკეთესი ხვალინდელი დღისთვის და მაშინ, როცა თქვენ თვითონ იღებთ მონაწილეობას ამ რეფორმების განხორციელებაში, განცდა საკუთრებისა და იმისა, რომ თქვენ თვითონ იყავით ჩართული, არის მნიშვნელოვანი, მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ გარკვეული დროის შემდეგ აუცილებლად დაბრუნდებით და იქნებით აქტიურად ჩართულები ქვეყნის უკეთესი ხვალინდელი დღის შექმნაში”, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები