ვინც წაახალისა მისი ჩამოსვლა, იმან ინერვიულოს სააკაშვილის პატიმრობაზე, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც ევროპარლამენტარების ნაწილის მოწოდებას გამოეხმაურა. ევროპარლამენტში გუშინ გამართულ დებატებზე, “ნაცმოძრაობის” ლობისტმა დეპუტატებმა საქართველოს მთავრობას მოუწოდეს, მიეცეს მიხეილ სააკაშვილს უფლება, იმკურნალოს უცხოეთში.
კობახიძის თქმით, ყველამ, ევროპარლამენტარებმა თავი უნდა შეიკავონ, საქართველოს მართლმსაჯულებაში პოლიტიზებული ჩარევისგან.
„ცალკეული ევროპარლამენტარები გრძნობენ პასუხისმგებლობას სააკაშვილის მიმართ იმის გამო, რომ მათ წაახალისეს მისი ჩამოსვლა საქართველოში. ეს ჩვენი საქმე არ არის, ეს არის მათი პასუხისმგებლობის საქმე. ვინც წაახალისა მისი ჩამოსვლა, იმან ინერვიულოს სააკაშვილის პატიმრობაზე. ჩვენ გვაქვს ერთადერთი სანერვიულო, ეს არის სამართლის უზენაესობა, კანონის აღსრულება, რაც არის საქართველოში სახელმწიფოებრიობის შენარჩუნების ერთ-ერთი მთავარი საფუძველი, ამიტომ ყველას მოვუწოდებ, თავი შეიკავონ ქართულ მართლმსაჯულებაში პოლიტიზებული ჩარევისგან, მათ შორის ამისკენ მოვუწოდებთ ევროპარლამენტარებს. მათ პატივი უნდა სცენ ჩვენს სუვერენიტეტს, კანონის უზენაესობას და სახელმწიფოებრიობას. გლუკსმანი არის სააკაშვილის კორუფციული სქემის ერთ-ერთი ბენეფიციარი. ეს არის მისი მთავარი ნიშანი, ამიტომ არის ის დაინტერესებული. ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ მშვიდობას, სამართლის უზენაესობას, სამართლებრივ სახელმწიფოს. ეს არის ნომერ პირველი, რასაც უნდა გავუფრთხილდეთ. როცა ვიღაცები ამბობენ, მათ შორის ევროპარლამენტარები, ეს უნდა გაცვალოთ კანდიდატის სტატუსზე, ეს თავისთავად უკვე არის მიუღებელი და არის ქართულ მართლმსაჯულებაში პოლიტიზებული ჩარევის კიდევ ერთი მცდელობა, რაც მიუთითებს, იმ კორუფციულ პრობლემებზე, რაც გამოვლინდა რამდენიმე დღის წინ ევროპარლამენტში. ყველას მოვუწოდებთ, გაუფრთხილდნენ ევროპარლამენტს, როგორც ინსტიტუტს და ნუ მიაყენებენ ჩრდილს მის რეპუტაციას“, – განაცხადა კობახიძემ.