საქართველომ ძალიან მკაფიოდ განსაზღვრა, თუ რა არის ევროკავშირთან ურთიერთობებში საბოლოო მიზანი და ეს არის ამ ორგანიზაციის წევრობა. ამ მიზნამდე მისასვლელად გზაა გასავლელი, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, სვენ მიქსერმა განაცხადა.
ევროპარლამენტარის თქმით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიღება დამოკიდებულია 12 პუნქტის შესრულებაზე და მიზნის მისაღწევად ყველა რეკომენდაციის შესრულება მნიშვნელოვანია.
„ევროპარლამენტის უმრავლესობა მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ მომავალს, ისევე – როგორც საქართველოს მოსახლეობა უჭერს მხარს ქვეყნის ევროინტეგრაციას. მე ვიქნებოდი ძალიან ბედნიერი, რომ შეგვეძლოს მხოლოდ ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციის განხილვა. სამწუხაროდ, სხვა მნიშვნელოვან პოლიტიკური საკითხებზე ვმსჯელობთ, რაც უკავშირდება მიმდინარე პოლიტიკურ პოლარიზაციას, პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას და ეს თემები მძიმე ფონს ქმნის დისკუსიისთვის. ქართველი პოლიტიკოსების პასუხისმგებლობაა და განსაკუთრებით მათი, ვინც ხელისუფლებაშია, რომ ეს საკითხები გადაიჭრას.
რაც შეეხება 12 პუნქტის შესრულებას, ამ ჩამონათვალში ვხედავთ წარმატების სხვადასხვა დონეს. საქართველომ ძალიან მკაფიოდ განსაზღვრა, თუ რა არის ევროკავშირთან ურთიერთობებში საბოლოო მიზანი და ეს არის ამ ორგანიზაციის წევრობა. ამ მიზნამდე მისასვლელად გზაა გასავლელი. ერთ-ერთი ეტაპი კანდიდატის სტატუსის მიღებაა. ძალიან მკაფიოდ განისაზღვრა, რომ კანდიდატის სტატუსი დამოკიდებულია 12 პუნქტის შესრულებაზე. ყველა რეკომენდაცია მნიშვნელოვანია. ევროპარლამენტი, კომისია და ევროპული საბჭო მათ მთლიანად შეაფასებს. მათი ბევრი ნაწილი ასოცირებულია ევროკავშირის ფუნდამენტურ ღირებულებებთან: მედიის თავისუფლება, დამოუკიდებელი მართლმსაჯულება, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა“, – განაცხადა სვენ მიქსერმა.