დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში ციფრული ეკონომიკის თემა განიხილეს

ციფრული ეკონომიკის მდგომარეობისა და განვითარების პერსპექტივები კერძო სექტორის წარმომადგენლებთან მსჯელობის მთავარი საგანი იყო დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში.

პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრა ქვეყანაში ციფრული ეკონომიკის განვითარებასთან დაკავშირებული ვითარების და არსებული სირთულეების შესწავლის მიზნით დაწყებული თემატური მოკვლევის ფარგლებში გაიმართა. მოკვლევის პროცესში ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობის უზრუნველსაყოფად, საჯარო უწყებებს, ბიზნეს ასოციაციებს, სავაჭრო პალატებს, საკონსულტაციო-ანალიტიკურ კომპანიებს, უმაღლეს სასწავლებლებს და საერთაშორისო ორგანიზაციების შესაბამის პროგრამებს ტექნიკური პირობები დაეგზავნა. შესაბამისად, შეხვედრის მონაწილეებმა კერძო სექტორის წარმომადგენლების არგუმენტებით დასაბუთებული მოსაზრებების თაობაზე იმსჯელეს.

„ციფრულ ეკონომიკაზე თემატური მოკვლევის მიზანია, ვნახოთ და შევისწავლოთ თუ რა შესაძლებლობები აქვს ქვეყანას ციფრული ეკონომიკის მიმართულებით განვითარებაში და როგორ შეიძლება ამ პროცესს შევუწყოთ ხელი. შესაბამისად მოკვლევა მოიცავს კერძო და საჯარო სექტორებთან ცალ-ცალკე შეხვედრებს. მოსმენას თუ როგორ ხედავენ ისინი განვითარების პერსპექტივას და შემდეგ, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, კვლევის შედეგების შეჯამებას და რეკომენდაციების შემუშავებას”, – განაცხადა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილმა.
თემატური მოკვლევა აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები