საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიას მხარი დაუჭირა
„მომავალ წელს მთავრობა თითქმის 22 მილიარდამდე ლარს დახარჯავს. 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი კონსერვატიულად არის დაგეგმილი და მნიშვნელოვანია ბიუჯეტის დეფიციტის შემცირება. იზრდება პენსიები ყველა კატეგორიის პენსიონერთათვის, ზრდა არის სოციალური დახმარებების კუთხით, საბიუჯეტო სფეროში დასაქმებულთა ხელფასები მოიმატებს 10%-ით, ხოლო ძალოვან სტრუქტურებში დასაქმებულთა ხელფასები 20%-ით,”- ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსია განიხილეს.
„მომავალი წლის ბიუჯეტი დაგეგმილია 5%-იან ეკონომიკურ ზრდაზე, ნომინალური მშპ ლარებში 79 მილიარდ 685 მილიონ ლარს შეადგენს. ბიუჯეტის დეფიციტი 2.8 %-ია”- განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.
2023 წელს განსაზღვრული სესხების დაბრუნების და სხვა შემოსავლების მაჩვენებლები ჯამურად იზრდება 270,0 მლნ ლარით. ამ ცვლილებების გათვალისწინებით, 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტში, მის წინა ვერსიებთან შედარებით, ფინანსური რესურსი იზრდება 660,0 მლნ ლარზე მეტით. როგორც ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ აღნიშნა, ცვლილებებია ხარჯვით ნაწილშიც, სადაც გამოყოფილია დამატებითი თანხები სოციალური, განათლების, ეკონომიკის ხელშეწყობის და ინფრასტრუქტურის მიმართულებით. ასევე, გათვალისწინებულია საკომიტეტო და სასესიო განხილვების შემდგომ პარლამენტის გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების დიდი ნაწილი.
„პროექტი ითვალისწინებს 2023 წლის ივლისიდან სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარების 50 ლარით ზრდას და ერთ ბავშვზე დახმარება განისაზღვრება 200 ლარის ოდენობით. ამ მიზნით გამოიყო დამატებით 65 მილიონ ლარზე მეტი”,- განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.
მისი თქმით, 2023 წლის ბიუჯეტი ითვალისწინებს ცვლილებებს ე.წ. დეკრეტულ შვებულებებთან დაკავშირებით. კერძოდ, სკოლის მასწავლებლები დეკრეტული შვებულების დროს მიიღებენ სრულ ხელფასს, ხოლო კერძო სექტორში დასაქმებულებისთვის განსაზღვრული დახმარება გაორმაგდება და 1 000 ლარის ნაცვლად განისაზღვრება 2 000 ლარით. განათლების მიმართულებით ბიუჯეტის პირველად ვარიანტში დაფინანსება გაზრდილი იყო 400 მლნ ლარზე მეტით, ხოლო საბოლოო ვერსიის მიხედვით დამატებით გამოიყოფა 150 მლნ ლარზე მეტი.
„საქართველოს ეკონომიკაში მნიშვნელოვანი როლი აქვს ტურიზმს, რომლის პოტენციალის გასაზრდელად აუცილებელია ახალი ტურისტული ლოკაციების ჩამოყალიბება და არსებული ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება. მომდევნო წელს ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე დამატებით გამოიყოფა 200 მლნ ლარი”, – აღნიშნა გიორგი კაკაურიძემ.
ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიის თანახმად, შესაბამისი სტრუქტურებისთვის ბიუჯეტის პირვანდელ გამოყოფილ თანხებს ემატება: თბილისში ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად – 170 მილიონი ლარი; რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პროექტების განსახორციელებლად -130 მლნ ლარი; კულტურისა და სპორტის მიმართულებით – 55 მლნ ლარი. შინაგან საქმეთა სამინისტროს და საზღვრის დაცვის ინფრასტრუქტურაზე – 35 მილიონ ლარზე მეტი; •გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის პროგრამების დაფინანსებაზე – 10 მლნ ლარი. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიას მხარი დაუჭირა.