საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიას მხარი დაუჭირა
„მომავალ წელს მთავრობა თითქმის 22 მილიარდამდე ლარს დახარჯავს. 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი კონსერვატიულად არის დაგეგმილი და მნიშვნელოვანია ბიუჯეტის დეფიციტის შემცირება. იზრდება პენსიები ყველა კატეგორიის პენსიონერთათვის, ზრდა არის სოციალური დახმარებების კუთხით, საბიუჯეტო სფეროში დასაქმებულთა ხელფასები მოიმატებს 10%-ით, ხოლო ძალოვან სტრუქტურებში დასაქმებულთა ხელფასები 20%-ით,” – ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსია განიხილეს.
„მომავალი წლის ბიუჯეტი დაგეგმილია 5%-იან ეკონომიკურ ზრდაზე, ნომინალური მშპ ლარებში 79 მილიარდ 685 მილიონ ლარს შეადგენს. ბიუჯეტის დეფიციტი 2.8 %-ია”-განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ. დღეს, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსია განიხილა და მხარი დაუჭირა.